ახალი ამბები

გურიის გუბერნატორმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა

20 აგვისტო, 2018 • 2919
გურიის გუბერნატორმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა

დღეს დილით გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ამის შესახებ ის ფეისბუკის პირად გვერდზე წერს.

“ჩემო მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა! ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე! მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას და ჩემს გუნდს. თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის. ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის სამსახურში!” – წერს მერაბ ჭანუყვაძე.

დღეს, 11:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალ გუბერნატორებს წარადგენს, თუმცა უცნობია, შერჩეული ჰყავს თუ არა მმართველ გუნდს გურიის უკვე ყოფილი გუბერნატორის შემცვლელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 26 ივლისს თანამდებობებიდან გაათავისუფლა სახელმწიფო რწმუნებულები  5 რეგიონში. ამ რეგიონებს შორის იყო შიდა ქართლი, მცხეთა-მთანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი.

26 ივლისს გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა, თუმცა პრემიერ ბახტაძეს ის ოფიციალურად არ გაუთავისუფლებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი