ახალი ამბებირეკლამა

5 მიზეზი The Chemical Brothers-ის კონცერტზე დასასწრებად

20 აგვისტო, 2018 • 5394
5 მიზეზი The Chemical Brothers-ის კონცერტზე დასასწრებად

პირველ სექტემბერს, საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საცეკვაო სცენის წამყვანი დუეტი The Chemical Brothers ეწვევა. თუ კონცერტზე დასწრება ჯერ კიდევ არ გაქვთ გადაწყვეტილი, გაეცანით 5 მიზეზს, რის გამოც რუსთავში დაგეგმილი წარმოდგენის გამოტოვება არ ღირს.

The Chemical Brothers – წამყვანი ბრიტანული დუო

ტომ როულენდმა და ედ საიმონსმა თითქმის 30-წლიანი თანამშრომლობის პერიოდში, 4 გრემის მოპოვება შეძლეს. ჯგუფმა მუსიკის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო პირველად 1997 წელს, ინსტრუმენტული როკის საუკეთესოდ შესრულებისთვის მიიღო – კომპოზიციით Block Rockin’ Beats. ტრეკი 1997 წლის მარტში გამოვიდა და ბრიტანულ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა.

The Chemical Brothers-ისთვის წარმატებული აღმოჩნდა გრემის 48-ე დაჯილდოებაც. 2005 წელს ბრიტანულმა ჯგუფმა ორ ნომინაციაში – საუკეთესო ელექტორნული/საცეკვაო ალბომი (Push The Button-სთვის) და საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერი (კომპოზიციისთვის Galvanize) მოიპოვა ჯილდო. ტრეკმა Galvanize ბრიტანულ ჩარტში მესამე ადგილი დაიკავა. იმავე წელს ჯგუფმა ევროპული MTV-ის მუსიკალური ჯილდო მიიღო ტრეკისთვის – Believe.

გრემის გარეშე არც The Chemical Brothers-ის მეექვსე სტუდიური ალბომი, We Are The Night დარჩენილა.  

არტისტებს შორის, რომლებთანაც როულენდი და საიმონსი თანამშრომლობდნენ, არიან ნოელ გალაჰარი, ჰოუპ სანდოვალი, რიჩარდ ეშკროფტი, ბერნარდ სამნერი, ენი კლარკი (St. Vincent) და Beck.

The Chemical Brothers-ს ისეთი პოპულარული ფილმების საუნდტრეკებიც ეკუთვნის, როგორიცაა 2011 წლის ჰანა (Hanna), ლარა კროფტი: სამარხების მცველი (Lara Croft: Tomb Raider, 2001), თარგმანში დაკარგულები (Lost in Translation, 2003) და შავი გედი (Black Swan, 2010).

ინოვაციები მუსიკაში

“როდესაც The Chemical brothers-ი გამოჩნდა, საცეკვაო მუსიკისთვის ჯერ კიდევ ქვის ხანა იდგა. როულენდსსა და სიმონსს – ორ DJ-ის ლონდონში თავი ჰიპ-ჰოპითა და ბრიტპოპით ავსებულ მომავალში უნდა დაემკვიდრებინათ. ორი დეკადისა და რვა ალბომის შემდეგ კი ისინი მსოფლიო საცეკვაო სცენის ვარსკვლავები არიან”, – ასე იწყება გავლენიანი გამოცემის, The Rolling Stones-ის სტატია The Chemical Brothers-ის შესახებ.

ბრიტანული გამოცემა, The Guardian, როულენდსსა და სიმონსს ახალი ჟანრების ფუძემდებლადაც ასახელებს. სწორედ მათ მიაწერენ “Big Beat”-ის, როგორც ელექტრონული მუსიკის ახალი მიმდინარეობის პოპულარულ კულტურაში დამკვიდრებას.

ინოვაციები ვიზუალში

ბრიტანული ჯგუფი საკუთარი ნამუშევრების მუსიკალურ მხარეზე არანაკლებ ყურადღებას ვიზუალს აქცევს. მაგალითად, 2010 წლის ალბომი Further ჯგუფის აუდიო-ვიზუალური ექსპერიმენტი იყო.

ალბომში შესულ თითოეულ ტრეკს სპეციალურად შექმნილი ფილმი მოჰყვებოდა. ვიდეო რგოლები The Chemical Brothers-ის ადამ სმიტთან ხანგრძლივი კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა. ალბომის გამოქვეყნებამდე ჯგუფმა ლონდონში ოთხი კონცერტი გამართა, სადაც კომპოზიციები მათთვის შექმნილი ვიდეორგოლების ფონზე შეასრულეს.  

თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა “ქიმიურმა ძმებმა” ინოვაციური ვიზუალური ეფექტები გამოიყენეს. 2007 წელს ტრაფალგარის მოედანზე კონცერტის დროს მსმენელებს 3D სათვალეები დაურიგეს, რათა ეკრანზე ვიზუალური ეფექტებისთვის თვალი ედევნებინათ.

Born in the Echoes – ბრიტანული დუეტის ბოლო ალბომი

Born in the Echoes “ქიმიური ძმების”  ბოლო ალბომია ამ დრომდე. ჯგუფმა ალბომი 2015 წელს გამოუშვა და, როგორც მოსალოდნელი იყო, კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა.

როგორც Pitchfork-ი წერს, The Chemical Brothers-ის მერვე ალბომი Further-ის გზას აგრძელებს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ახალ ალბომში როულენდსისა და სიმონსის საუკეთესო პოპ კომპოზიციებია თავმოყრილი.

“სწრაფად განვითარებად კულტურაში, მუდამ ახალი მწვერვალის ძიებაში The Chemical Brothers-ის სტატუსი კვლავ ურყევი რჩება”, – წერს Pirchfork-ი ჯგუფის ბოლო ალბომის მიმოხილვისას.

კრიტიკოსები The Chemical Brotchers-ის ბოლო ალბომში 80-იანების ნოსტალგიასაც ხედავენ.

რას უნდა ველოდოთ რუსთავში, The Chemical Brothers-ისგან

The Chemical Brothers-ის ცოცხალი წარმოდგენები, ყოველთვის უზარმაზარ ეკრანზე, შთამბეჭდავი განათებებით და ლაზერული წარმოდგენების ფონზე მიმდინარეობს.

“განათებებისგან შექმნილი ვუდუს შამანები, შემზარავი კლოუნები და უზარმაზარი რობოტები – The Chemical  Brothers-ი საკუთარ რეპუტაციას ამართლებს” – წერდა The Guardian-ი 2015 წლის ლონდონში გამართულ კონცერტზე.

თუ ბრიტანული დუეტის წლევანდელი ტურნეს ფარგლებში გამართულ კონცერტებსაც გადავხედავთ, ალბათობა იმისა, რომ ქართველი მსმენელი გრანდიოზული წარმოდგენის მომსწრე გახდება – ძალიან დიდია.

ამ აზრს ისიც ამყარებს, რომ, როგორც ცნობილია, “ძმები” რუსთავში ვიზუალური ეფექტების გასაცოცხლებლად, ტექნიკით დატვირთული რამდენიმე სატვირთოთი ჩამოვლენ.

მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ 2018 წლის ტურნეს ფარგლებში კიევში გამართული კონცერტის ნაწყვეტი ნახოთ.

The Chemical brothers-ის კონცერტი რუსთავის მოტოდრომზე პირველ სექტემბერს გაიმართება. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ tkt.ge-ზე.  ჯგუფი საქართველოში “ისთერნ ფრომოუშენს” ჩამოჰყავს. კონცერტი “თიბისი სტატუსის” მხარდაჭერით იმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი