საგარეო: თბილისის აეროპორტში ირანის მოქალაქეების დამამცირებელი მოპყრობა არ დასტურდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩატარებული მოკვლევის შედეგად, ირანის მოქალაქეების მიმართ აეროპორტის თანამშრომლების მხრიდან დამამცირებელი მოპყრობა არ დადასტურდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გავცერელებული განცადებით გამოეხმაურა ინფორმციას, რომელიც ირანის დიპლომატიური არხებით ცნობილი გახდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გადამოწმების პროცედურებზე ირანის მოქალაქეთა ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა.

სამინისტროს ცნობით, ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს აეროპორტში საავიაციო უსაფრთხოების ოფიცერთა მიერ მგზავრთა გადამოწმების პროცედურების შესწავლა.

“პირველადი მონაცემებით და გატარებული ოპერატიული ღონისძიებებით, ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ გამოვლენილა”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამ საკითხზე დანიშნულია შეხვედრა ირანის ელჩთან სადაც კიდევ ერთხელ მიაწვდიან აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წლის პირველ 7 თვეში საქართველოში ირანის 179 449 მოქალაქე შემოვიდა. გასული წლის 12 თვის მონაცემთან შედარებით ირანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 27.4%-ით გაიზარდა. შარშან წლის განმავლობაში ირანიდან 140 831 ადამიანი შემოვიდა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, 2017 წლის განმავლობაში საქართველოში 7.9 მლნ საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. 2017 წლის განმავლობაში ტურიზმიდან 2.7 მილიარდი აშშ დოლარი იყო შემოსავალი, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 6.9%-ია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com