ახალი ამბები

ედპ-ს ოფისის ქურდობაში ბრალდებული დაკავებულია, ნაქურდალი ლომბარდიდანაა ამოღებული – შსს

19 აგვისტო, 2018 • 2443
ედპ-ს ოფისის ქურდობაში ბრალდებული დაკავებულია, ნაქურდალი ლომბარდიდანაა ამოღებული – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად ედება ეროვნულ დემოკრატიული ოფისის ქურდობა.

პოლიციის ცნობით, დაკავებული 1986 წელსაა დაბადებული, წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ბრალდებული მ.ა. მანგლისში დააკავეს.

გამოძიების ცნობით, დაკავებულმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ოფისიდან ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს, ნაქურდალი ნივთები კი ელბაქიძის ქუჩაზე მდებარე ლომბარდიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება  ქურდობის საქმეზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

18 აგვისტოს, გამთენიისას, თბილისში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური ოფისი გაქურდეს. პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, რომ მომხდარი არ არის უბრალოდ ქურდობა, არამედ მიზანმიმართული “პოლიტიკური აქციაა”. პარტიის ცნობით, ოფისიდან 5 კომპიუტერი წაიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი