ახალი ამბები

ბაჩუკი ქარდავას თქმით, ედპ-ს ცენტრალური ოფისის გაქურდვა “პოლიტიკური აქციაა”

18 აგვისტო, 2018 • 4773
ბაჩუკი ქარდავას თქმით, ედპ-ს ცენტრალური ოფისის გაქურდვა “პოლიტიკური აქციაა”

ედპ-ს ცნობით, დღეს, 18 აგვისტოს, გამთენიისას, თბილისში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური ოფისი გაქურდეს. როგორც პარტიის ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა ჟურნალისტებთან ამბობს, მომხდარი არ არის უბრალოდ ქურდობა, არამედ მიზანმიმართული “პოლიტიკური აქციაა”.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შსს-ს, სადაც უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ს 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. თუმცა, როგორც თავად ბაჩუკი ქარდავა განმარტავს, მას ქურდობის ვერსიის არ სჯერა. მისი თქმით, ქურდობის შედეგად წაღებულ კომპიუტერებში მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია ინახებოდა.

“წაღებულია ჯამში 5 კომპიუტერი, თუმცა, ოფისში არის ბევრად ძვირადღირებული 12 კომპიუტერი. წაღებული კომპიუტერებიდან ერთ-ერთში ინახებოდა მთელი მედიამონიტორინგი და ანალიტიკა. ორ  კომპიუტერში კი მთელი საარჩევნო ბაზა ქვეყნის მასშტაბით,” – აცხადებს ქარდავა.

მომხდარის შესაძლო მიზეზებზე საუბრისას, ედპ-ს ლიდერი ქურდობას ახალი ოპოზიციური გაერთიანების ჩამოყალიბების პროცესს უკავშირებს.

“შესული ვართ საარჩევნო რეჟიმში, ეს ერთი და მეორე, სწორედ ამ ოფისში მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ახალი ოპოზიციური გაერთიანების – “ძალა ერთობაშია” ჩამოყალიბების პროცესი. სუს-ი ნამდვილად შეძლებს გამოძიებას, თუ მას სურს აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ აქციაზე, რომელიც დღეს განხორციელდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური ოფისის წინააღმდეგ. მე არ მჯერა, რომ ეს იყო ქურდობა, ეს იყო პოლიტიკური აქცია და ამ აქციას გარკვეული მიზნები ჰქონდა,” – განმარტავს ბაჩუკი ქარდავა ჟურნალისტებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი