ახალი ამბებიგართობარეკლამა

გაექეცი ზაფხულს კურორტ გოდერძიზე

17 აგვისტო, 2018 • 6306
გაექეცი ზაფხულს კურორტ გოდერძიზე

თუ აქამდე ფიქრობდით, რომ კურორტი გოდერძი მხოლოდ ზამთრის კურორტია ცდებით. ზაფხულის გამთანგველ სიცხეში, როცა გრილ ადგილას თავშეფარება და ახალი ადგილების აღმოჩენა გსურთ, აუცილებლად გოდერძის უნდა მიაშუროთ.

ალპური ბოტანიკური ბაღი, მწვანე ტბა, რომელიც მართლა მწვანეა, კურორტი ბეშუმი თავისი იაილებით და ადგილობრივ მემთეურთა საზაფხულო ყოფა: მთის ყველისა და კარაქის მზადება, ხის სახლებში ზაფხულობით მცხოვრებთა ყოველდღიურობა – ამ ყველაფრით გოდერძიზე დაბანაკებულებს შეგიძლიათ ტკბობა.

გამჭვირვალე, სუფთა ჰაერი, ზაფხულისთვის უჩვეულო სიგრილე და მუდამ ლურჯი ცა მთის ამ კურორტზე დასვენებისას თქვენს ყოვედღიურობად იქცევა.

კურორტი გოდერძი ბათუმიდან 109 კილომეტრითაა დაშორებული, 2015 წლიდან ფუნქციონირებს და ზამთრობით თხილამურებით სრიალის მოყვარულებისთვის უკვე იქცა საყვარელ ადგილად.


 

                         მწვანე ტბა

მწვანე ტბა გოდერძის უღელტეხილიდან  6.50 კილომეტრითაა დაშორებული. ამ ულამაზესი, ფირუზისფერი ტბისკენ ყოველთვის ვიღაც მიეშურება ზაფხულობით. როგორც ადგილობრივი მემთეურები ამბობენ, მწვანე ტბისკენ მიმავალ გზაზე ყოველთვის შეხვდებით ზურგჩანთიან ტურისტებს. გზა მემთეურების საზაფხულო სოფელს, მწვანე ტბის იაილას მიუყვება. ამ ხის ქოხებში მხოლოდ ზაფხულობით ცხოვრობენ აჭარის სხვადასხვა სოფლიდან დროებით ამოსული ოჯახები.

თუ გზად წვიმა წამოგეწევათ, გოდერძის უღელტეხილიდან მწვანე ტბამდე შეგიძლიათ ტაქსი დაიქირაოთ. 30 ლარად ტბამდე მიგიყვანთ, ამ ფასად იქ დაგელოდებათ და უკანაც დაგაბრუნებთ უღელტეხილამდე. თუმცა თუ დარია, მანძილს ტბამდე ფეხით დაახლოებით 3 საათში დაძლევთ. მას შემდეგ, რაც იაილებს გაივლით, გზადაგზა წყაროს წყალს მოიმარაგებთ და ხის სახლების წინ გამოფენილ ბავშვებსა და მოხუცებს შეათვალიერებთ, თვალწინ დაუჯერებელი სანახაობა გადაგეშლებათ.

ფეხითა თუ მანქანით ოღროჩღრო გზაზე მწვანე ტბის სანახავად წამოსვლა ნამდვილად ღირს. თუ თან კარავი და საძილე ტომარაც გაქვთ, აუცილებლად მოგინდებათ დარჩეთ და ღამე ტბის პირას გაათიოთ. იქვე ახლოს პატარა მაღაზიაა, სადაც ერთი ან ორი დღით კარვით ღამისთევისას აუცილებელი წვრილმანებისა და პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი.

                 ალპური ბოტანიკური ბაღი

ალპური ბოტანიკური ბაღიც გოდერძისთან ახლოს, შქერნალის ტერიტორიაზეა. ათ ჰექტრამდე ფართობზე აბორიგენული სახეობებია გავრცელებული, ალპური, ხასხასა და ფერადი, იშვიათი მცენარეები. ბაღში საბოლოოდ მთის ადგილობრივ მცენარეთა კოლექციას მოუყრიან თავს, აქვე იგეგმება სანერგეს მოწყობა იშვიათი მცენარეების მოსამრავლებლად და აჭარის მთელი რეგიონის განაშენიანებისთვის.

ზღვის დონიდან 1960 მეტრზე მდებარე ბაღში კარვების გაშლაც შეიძლება. ფერადი ყვავილების ველზე ძილი და აქაური სუფთა ჰაერით სავსე დღეები არასდროს დაგავიწყდებათ.

 

                         ბეშუმი

მწვანე ტბისა და ალპური ბოტანიკური ბაღის მონახულების გარდა აუცილებლად უნდა ახვიდეთ გოდერძისთან ახლომდებარე ბეშუმში. ამ პატარა კურორტზე მთელი ზაფხული მხიარული ჟრიამულია, ბეშუმში ერთი დღით ასულსაც კი არ უნდა დაგრჩეთ შინ საწვიმარი, თბილი სამოსი და წყალგამძლე ფეხსაცმელი. აქ თითქმის ყოველ საღამოს წვიმს.

                  ღამისთევა გოდერძიზე

ყველა ზემოთჩამოთვლილი ადგილის მონახულების შემდეგ დარჩენა გოდერძიზე შეგიძლიათ. გოდერძიზე საბაგიროდან რამდენიმე მეტრში კოტეჯებია მოწყობილი, სადაც ორადგილიან ნომრებს 100, ხოლო ოთხადგილიანს 150 ლარად იქირავებთ ერთი ღამით, კვების გარეშე. თითოეულ ნომერს ინდივიდუალური აბაზანა აქვს.

გოდერძის უღელტეხილზე ასევე მდებარეობს სასტუმრო „მეტეო“, რომელიც საბაგიროებიდან მოშორებით, უშუალოდ უღელტეხილზე, სამანქანე გზასთანაა. აქ ნომრის ფასები 65 ლარიდან იწყება.

გოდერძიზე მიმავალმა დამსვენებლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ ახლომდებარე მარკეტები საოჯახო ტიპისაა და მხოლოდ წვრილმანების ყიდვაა შესაძლებელი. ძირითადი საკვები პროდუქტი კი, რაც დასვენების დღეებში დაგჭირდებათ, სჯობს ბათუმიდანვე მოიმარაგოთ და თან წაიღოთ.

ერთი შეხედვით ჯერ არასრულყოფილი ინფრასტრუქტურული მოწყობა სინამდვილეში კიდევ უფრო გიმძაფრებთ ყველაფრისგან მოწყვეტისა და განტვირთვის შეგრძნებას. გოდერძიზე გატარებული შვებულება ყველა სეზონზე დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აავსებს დამსვენებელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი