“ჩვენი ბიჭები მაიკებს ჩაიცვამენ თუ არ ჩაიცვამენ, არავის საქმე არაა” – ფედერაციის პრეზიდენტი

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე მიიჩნევს, რომ არავის საქმე არ არის, მოჭიდავეები როგორ მაისურებს ჩაიცვამენ. ამის შესახებ გეგეშიძემ მას შემდეგ ისაუბრა, რაც საქართველოს ჭიდაობის ნაკრების მოჭიდავეებმა ჩაიცვეს მაისურები, რომელზეც რუსეთის დროშასთან ერთად, გამოსახული იყო ამავე ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრის, ძამბოლათ თედეევის ფოტო.

“მთელ მსოფლიოს აცვია გენო პეტრიაშვილის, იაკობაშვილის, ვლადიმერ ხინჩიგაშვილის გამოსახულებიანი მაისური, მთელ მსოფლიოს. რატომ არ იძახით, რატომ გაცვიათ, ბიჭებოო? მთელი მსოფლიო რომ ჩვენს დროშას აქვეყნებს და მთელი ევროპის კონტინენტი რომ ჩვენს ჰიმნს იზეპირებს, ფედერაცია რომ ასეთი წარმატებულია, ვინმეს უკითხავს? მოვიდნენ და ნახონ, რა პირობებში ვვარჯიშობთ და რა შედგები გვაქვს. და ჩვენი ბიჭები მაიკებს ჩაიცვამენ თუ არ ჩაიცვამენ, ეს არავის საქმე არ არის, უკაცრავად,” – უთხრა გეგა გეგეშიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრი, მოჭიდავე ძამბოლატ თედეევი “მეგობარია” და არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებაში სწორედ მას მიუძღვის დიდი როლი.

“მოდი, მაშინ ერთ რამეს გეტყვით, ტატუნაშვილი რომ გადმოასვენეს, ზუსტად ეგ კაცი ჩაერია. მოსკოვიდან ჩამოვიდა და მაგან გადაწყვიტა ზუსტად, ეს კაცი დასაფლავებული რომ არის სამშობლოში. ვინმემ იცით? მტერი რომ გახდა, თურმე ჩვენი მეგობარი რომ დაგვეხმარა, გაიგეთ რომელიმემ? თუ უნდა ვიყვიროთ, რომ მოჭიდავეებმა გააკეთეს? ზუსტად მოჭიდავეებმა და თედეევმა. არავინ იძახის მაგას, მარტო მაიკაზე არის რუსეთის დროშა,” – ამბობს გეგა გეგეშიძე

მომხდარს ტელეკომპანიასთან გამოეხმაურა მოჭიდავე გიორგი იანტბელიძე, რომელიმაც განმარტა, რომ მოჭიდავეებს მაისურზე გამოსახული რუსული დროშისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ.

“ჩვენ არ მიგვიქცევია იქ ყურადღება. დამიჯერეთ, რომ მოგცეთ მაიკა, პირველი, რასაც ვხედავთ, ეს არის სურათი. დავინახეთ სურათი და ის ჩავიცვით, თორემ ის, რომ დროშა და რუსეთი… არავითარ კავშირში არაა მაგასთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვტკივა ის ყველაფერი, რაც დაკარგული გვაქვს, მე და გენო განსაკუთრებით განვიცდით ამას იმიტომ, რომ ჩვენ დაკარგული გვაქვს სახლ-კარი. ამას ვერასდროს შევეგუებით, ჩვენ ვართ ერთნი,” – განმარტავს  გიორგი იანტბელიძე.

აღნიშნული ფოტო და ინფორმაცია თედეევის შესახებ On.ge-მ 16 აგვისტოს გაავრცელა. ფოტოზე აღბეჭდილნი არიან საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე და მოჭიდავეები- გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი და მამუკა ერაძე. მათ რუსეთის დროშისფერიანი მაისურები აცვიათ, რომელზეც ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატისა და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ძამბოლატ (ჯაბო) თედეევის სახეა დაბეჭდილი.

ძამბოლატ თედეევი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ის წარმოშობით ცხინვალიდანაა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან