ახალი ამბები

თრუსოს ხეობაში ხელყუმბარა აღმოაჩინეს

17 აგვისტო, 2018 • 3609
თრუსოს ხეობაში ხელყუმბარა აღმოაჩინეს

გუშინ, 16 აგვისტოს, სოფელ კობში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცველებმა ხელყუმბარა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს.

შსს-ს ცნობით, ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში არ იყო მოყვანილი, ხოლო აღმოჩენილი საბრძოლო მასალა დაილუქა და ექსპერტიზაზე გაიგზავნა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლებით მიმდინარეობს.

დავით ქაცარავამ ფეისბუკით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟურნალისტ ლაშა ბერულავას ერთმა ტურისტმა კონფიდენციალუარად უთხრა, თითქოს სოფელ კობის ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე უცნობმა პირებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა ააფრიალეს და ადგილი, სავარაუდოდ, დანაღმეს, რადგან ტერიტორია პოლიციის მიერ იყო შემოსაზღვრული.

“ამის შემდეგ სასწრაფოდ ამ ადგილის მოსაძებნად გავემართეთ და ვიპოვეთ კიდეც. ადგილი ლენტით იყო შემოსაზღვრული, დროშა – ჩამოხსნილი, თუმცა ტარი ადგილზე იყო დატოვებული. ჩვენი გამოჩენისთანავე ადგილზე გაჩნდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები, პლუს ექსპერტ-კრიმინალისტები. მათ არ დაადასტურეს დანაღმული დროშის არსებობის ფაქტი, თუმცა გვთხოვეს, ჩვენივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტერიტორია დაგვეტოვებინა, რაც აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა ნაღმი სხვაგანაც იყოს ჩადებული,” – წერს დავით ქაცარავა.

დავით ქაცარავას თქმით, ლაშა ბერულავამ მისი პროფესიული უფლება გამოიყენა და უსაფრთხოების ზომების დაცვით, ლენტის გადაკვეთის გარეშე, ფოტოები და ვიდეო გადაიღო, იმის მიუხედავად, რომ თავდაპირველად ადგილზე მობილიზებული პოლიციელები ჟურნალისტის შეზღუდვას ცდილობდნენ:

“ამ ფაქტმა და იმან, რომ ჩვენ რომ არა, ამ ფაქტს ფართო საზოგადოება ვერ გაიგებდა, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ თრუსოსა და დარიალის ხეობის მიმართულებით რუსული საფრთხეები რეალურია და ხეობაში ჩვენი დაბანაკებაა აუცილებელი.”

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტერიტორიაზე აღმართული იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა, სიმართლეს არ შეესაბამება.

მასალების გადაბეჭდვის წესი