განათლების რეფორმის ჯგუფის სამუშაო პროცესში აზიის განვითარების ბანკი ჩაერთვება

განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმის ძირითადი მიმართულებები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილე, ირინე აბულაძემ აზიის განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორ, იეშინ ელჰან-კაიალართან შეხვედრისას განიხილეს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლების სისტემის განვითარება ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და მისასალმებელია აზიის განვითარების ბანკის ამ მიმართულებით ჩართულობა.

თავის მხრივ, იეშინ ელჰან-კაილარმა გამოხატა მზადყოფნა, რომ აზიის განვითარების ბანკმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს რეფორმის ჯგუფის სამუშაო პროცესში. მხარეები მომავალი თანამშრომლობის სავარაუდო მიმართულებებზე შეთანხმდნენ, მათ შორის, რეგიონული განვითარების მიმართულებით ზოგადი და პროფესიული განათლების სისტემების გაუმჯობესებაზე, პროფესიული განათლების შრომის ბაზართან შესაბამისობის ხელშეწყობაზე.

მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით განათლების რეფორმის ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც სამთავრობო უწყებების, საკანონმდებლო ორგანოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები ერთიანდებიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი