ახალი ამბები

“ყაზტრანსგაზი” სექტემბრიდან თბილისში კომპანიებისთვის გაზის გაძვირებას გეგმავს

16 აგვისტო, 2018 • 4119
“ყაზტრანსგაზი” სექტემბრიდან თბილისში კომპანიებისთვის გაზის გაძვირებას გეგმავს

„ყაზტრანსგაზ-თბილისი” სექტემბრიდან  კომპანიებისთვის გაზის გაძვირებას გეგმავს. “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად 80.5 თეთრი იქნება. “ყაზტრანსგაზ-თბილისში”  ამ გადაწყვეტილებას ხსნიან სხვა კომპანიებთან შედარებით დაბალი ტარიფითა და თბილისში გაზმომარაგების ქსელებზე მიმდინარე სამუშაოებით.

“მიუხედავად ტარიფის ზრდისა, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ სხვა კომპანიებთან შედარებით მაინც ინარჩუნებს ყველაზე დაბალ ტარიფს კომერციული მომხმარებლებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ცნობისათვის, კომერციული აბონენტებისათვის რეგიონებში გაზის ფასი შეადგენს 86 თეთრს (დღგ-ს ჩათვლით). დღევანდელი გასაყიდი ფასის (75 თეთრი) გათვალისწინებით კომპანია ყოველ 1 000 კუბურ მეტრზე დაახლოებით 10-15 დოლარს ზარალობს,”-წერია განცხადებაში.

“ყაზტრანსგაზ-თბილისში” განმარტავენ, რომ ტარიფის ცვლილება მხოლოდ კომპანიებისთვის მოხდება და გაზის გადასახადი მოსახლეობას არ გაეზრდება. კომპანიის ინფორმაციით, ტარიფის მატება  500 ათასამდე აბონენტიდან 15 ათასს შეეხება.

“კომერციულ სექტორში ბუნებრივი გაზის მიწოდების ფასი დერეგულირებულია. შესაბამისად, მიწოდების ფასი ამ სექტორში განისაზღვრება თავად მიმწოდებელი კომპანიების (დედაქალაქში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“) მიერ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ საკითხი შესწავლილია, ფასის ზრდა დასაბუთებულია. კომპანიამ შესაბამისი წერილით უკვე მიმართა სემეკს,”-აცხადებენ კომპანიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი