ახალი ამბები

კოჟორიძე: მოგვიანებით გაირკვევა როგორი წესით ავირჩევთ უზენაესის თავმჯდომარეს

16 აგვისტო, 2018 • 2472
კოჟორიძე: მოგვიანებით გაირკვევა როგორი წესით ავირჩევთ უზენაესის თავმჯდომარეს

პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ მოგვიანებით გაირკვევა, თუ როგორ შეარჩევენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.

“ჩვენ ვფიქრობთ ბევრ მოდელზე. უახლოეს დღეებში მიეწოდება საზოგადოებას ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ამ მოდელებიდან რომელს მივიჩნევთ, ასე ვთქვათ, ყველაზე უფრო სწორად შექმნილ სიტუაციაში. ეს იქნება კონკურსი, თუ ეს იქნება სხვა გზა და მეთოდი, ამას გეტყვით მოგვიანებით,“- განაცხადა კახა კოჟორიძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით გამართული კონსულტაციების შემდეგ, რომელიც შედგა „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრებთან.

“მოვისმინეთ მათი ხედვები იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც მართლმსაჯულების სისტემას უდგას დღის წესრიგში; ასევე, მათი ხედვები და რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება უკეთესად წარიმართოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელების პროცესი. მათ გამოთქვეს მზადყოფნა, რომ განაგრძონ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა, მათ შორის, კანდიდატების დასახელებისა და მათი მხარდაჭერის პროცესში, და ეს შეხვედრები, როგორც იცით, გაგრძელდება მომავალ კვირასაც”, – ამბობს კოჟორიძე.

პრეზიდენტის მრჩეველმა კვლავ დაადასტურა მზადყოფნა, კონსულტაციის ნებისმიერ ეტაპზე შედგეს შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთანაც.

„გასაგებია, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან არის დიდი ინტერესი ამ პროცესთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენს შეთავაზებას “ქართული ოცნებასთან” დაკავშირებით, რომ ჩვენ, მიუხედავად მათი უარისა, კვლავ მზად ვართ შევხვდეთ და მივაწოდოთ ინფორმაცია ყველა იმ მოდელთან დაკავშირებით, მათ შორის, კონკურსთან და რაიმე სხვა მოდელებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც საზოგადოების მაღალი ჩართულობით, მთელი ამ შეხვედრების განმავლობაში მივიღეთ ინფორმაცია. ვფიქრობ და ვიტოვებ იმედს, რომ ეს შეხვედრები თანამშრომლობით გაგრძელდება, მიუხედავად მათი უარისა, და ყველა ერთად გავიაზრებთ, თუ რა სახელმწიფოებრივი ამოცანა გვიდგას დღეს დღის წესრიგში“, – აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.

შეხვედრები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით კვლავ გაგრძელდება.  ეს უკვე რიგით მეხუთე შეხვედრაა ფართო კონსულტაციების ფარგლებში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმართება.

შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, პოლიტიკური მრჩეველი და მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში. შეხვედრა თავმჯდომარეობის კანდიდატის კრიტერიუმებსა და შერჩევის პროცესის განხილვას დაეთმო. მხარეებმა განიხილეს კანდიდატურის შერჩევის რამდენიმე მოდელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი