შამბა: საქართველოსთან დიალოგის დაწყების დროა, ქართველებს მტრად არ მივიჩნევ

“საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ლიდერი ვიყავი, მაგრამ დიალოგზე საუბარი პირველმა დავიწყე”,  – ამბობს სერგეი შამბა,  აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და დეპუტატი “ეხო მოსკვისთან” ვრცელ ინტერვიუში, სადაც წლების წინ საქართველოს ხელისუფლებასთან უშედეგო მოლაპარაკებებზე, 2008 წლის ომზე და დიალოგის საჭიროებებზე საუბრობს.

“ქართველები მტრად არ მიმაჩნია. საქართველოში მეგობრები მყავს. კი, გვქონდა ეთნიკური კონფლიქტიც, მაგრამ დიდწილად ეს პოლიტიკური კონფლიქტი იყო.

შეიძლება ითქვას, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის დროს ლიდერი ვიყავი, მაგრამ პირველმა დავიწყე საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დროა, რამენაირად დავიწყოთ დიალოგი და ერთობლივ მომავალზე ვიფიქროთ იმ გაგებით, რომ მეზობელი ერები ვართ და ჩვენი მეზობლობა ბედისწერით არის განპირობებული. არა მხოლოდ ჩვენ მოგვიწია ომი საქართველოსთან, ოდესღაც ევროპელებიც ეომებოდნენ ერთმანეთს. თუმცა გადის დრო და საჭიროა ურთიერთობების დალაგება. ვფიქრობ, ახლა საქართველოსთანაც შეიძლება  ასეთი დიალოგის დაწყება”, – ამბობს შამბა.

რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში ის საქართველოს ხელისუფლებებთან უშედეგო მოლაპარაკებების შესახებ საუბრობს:

“ჩვენ მაინც ვიმედოვნებდით, რომ შევძლებდით საქართველოსთან მოლაპარაკებას. ვიმედოვნებდით, რომ ურთიერთობის რაღაც ფორმებზე მოვილაპარაკებდით. ფედერაციულ ურთიერთობებზე ვიყავით მზად. მოლაპარაკებების პროცესში იყო კონფედერაციის ვარიანტიც. ასევე, ევგენი პრიმაკოვის შუამდგომლობით განვიხილავდით ვარიანტს “ერთობლივი სახელმწიფო”. ძალიან ახლოს ვიყავით ხელმოწერასთან, თუმცა ყველა პროექტზე უარს ამბობდნენ ქართველები. ახლა უკვე ძალიან გვიანია. დრო შეიცვალა. ახლა მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებაზე თუ გვექნება საუბარი”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი