ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანას იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს

15 აგვისტო, 2018 • 3611
ვანო მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანას იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს

ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი დღეს კლინიკაში იყოფებოდა, ექიმის დანიშნულების მიღების შემდეგ ის ისევ დაწესებულებაში დაბრუნდა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს. სამინისტროს ინფორმაციით, ციხის სამედიცინო პერსონალმა საჭიროდ ჩათვალა, რომ ვანო მერაბიშვილს სამედიცინო შემოწმება სამოქალაქო კლინიკაში გაევლო.

“კლინიკაში ვანო მერაბიშვილი დღეს, 15 აგვისტოს გადაიყვანეს. დანიშნულების გამოწერის შემდეგ დაბრუნდა დაწესებულებაში. დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მითუმეტეს, სიცოცხლისთვის საშიში არ არის. სამედიცინო დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილმა სულ ერთი საათი დაჰყო,”-აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი სტეფანე თუმანიშვილი “რუსთავი 2”-თან საუბრისას ამბობს, რომ მერაბოშვილს სასუნთქი გზების პრობლემა აქვს და ციხის ექიმებმა ჩათვალეს, რომ მისი კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო.

“მას აქვს სასუნთქი გზების პრობლემა. ციხეში ექიმებმა ჩათვალეს, რომ ის დიაგნოსტიკას საჭიროებს და საავადმყოფოში გამოკვლევების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. მხოლოდ ეს ინფორმაცია გვაქვს ამ ეტაპზე,”-ამბობს ადვოკატი.

“ნეტგაზეთი” ვანო მერაბიშვილის ადვოკატს, ოთო კახიძეს დაუკავშირდა. ოთო კახიძის თქმით, ვანო მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანის საკითხზე ინფორმაცია არ აქვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი