ახალი ამბები

საქმიანობის შესაჩერებლად ყოფილ “ლეოგრანდს” ვადა 17 აგვისტომდე მისცეს

15 აგვისტო, 2018 • 3264
საქმიანობის შესაჩერებლად ყოფილ “ლეოგრანდს” ვადა 17 აგვისტომდე მისცეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო “ველმონდის” (ყოფილი “ლეოგრანდის”) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე “ველმონდში” (ყოფილ “ლეოგრანდში”) სახანძრო უსაფრთხოების მიზნით სპეციალისტებმა სამჯერ განახორციელეს დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. უწყების ცნობით, გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა.

სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის შესაძლებლობას.

საგანგებოს ინფორმაციით, გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა:

“კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის.

ეს დარღვევების მცირედი ჩამონათვალია, რომლის გამოსწორებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას არაერთხელ მიეცა გონივრული ვადა.”

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ჯერ კიდევ 1 თვის წინ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა.

“გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმრო ამ დროისთვის კვლავ იღებს სტუმრებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმროს ადმინისტრაციას აძლევს ვადას, 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე მოახდინოს შენობიდან სტუმრების გამოყვანა და შეწყვიტოს საქმიანობა.

სამსახურის სპეციალისტები ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდნენ სასტუმროს ადმინისტრაციასთან და ახდენდნენ ინფორმირებას მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თანამშრომლობას კვლავ განაგრძობს, რათა სასტუმრო „ველმონდის“ ადმინისტრაციამ დროულად მოახდინოს არსებული დარღვევების გამოსწორება.

როგორც კი სასტუმროში დაიწყება ვალდებულებების შესრულება, სამსახური მზად არის უმოკლეს ვადებში მხარი დაუჭიროს შენობის ექსპლუატაციაში შესვლას,” – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიმართა სასამართლოს, რათა განჩინების საფუძველზე, სასტუმრო და სამორინე “ველმონდის” შენობას შეუჩერდეს ექსპლუატაცია, რათა დაცული იყოს მოქალაქეების უსაფრთხოება.

2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “ლეო გრანდში” ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

გამოძიების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ექსპერტიზების პასუხების შედეგად დაადგინა, რომ სასტუმრო „ლეო გრანდი“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით ფუნქციონირებდა. „ლეო გრანდის“ ხანძრთან დაკავშირებით, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, 2 მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე პირი დააკავეს.

სასტუმრო „ლეო გრანდში“ მომხდარი ფაქტი ბოლო წლებში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ხანძარია. უშუალოდ ხანძრის მომენტში პოლიციამ და მეხანძრე-მაშველებმა 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

სასტუმრო „ველმონდს“ [ყოფილი „ლეოგრანდი“] ექსპლუატაცია უნდა შეუჩერდეს – საგანგებო

მასალების გადაბეჭდვის წესი