ახალი ამბები

თუ ვინმემ მიიღო სერიოზულად, მათ ბოდიშს ვუხდი – ზურაბიშვილი “ტვინის განძრევაზე”

15 აგვისტო, 2018 • 4505
თუ ვინმემ მიიღო სერიოზულად, მათ ბოდიშს ვუხდი – ზურაბიშვილი “ტვინის განძრევაზე”

“ცოტა ხუმრობა ზოგჯერ შეიძლება, არ ვიყოთ ძალაინ სერიოზულები სულ მუდამ”,- ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი განცხადებას, რომლითაც მან ჟურნალისტებს “ტვინის განძრევისკენ” მოუწოდა.

ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება ხუმრობა და აპირებს თუ არა ბოდიშის მოხდას, ზურაბიშვილი პასუხობს:

“იმედია, არ მიიღეთ სერიოზულად. თუ ვინმემ მიიღო სერიოზულად, იმათ ბოდიშს ვუხდი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 15 აგვისტოს, ჟურნალისტებს “ტვინის განძრევისკენ” მოუწოდა. აღნიშნული ზურაბიშვილმა მას შემდეგ თქვა, რაც ჟურნალისტებმა პრეზიდენტობის კანდიდატს კითხვები დაუსვეს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლესთან დაკავშირებით .

სალომე ზურაბიშვილის კომენტარის ამსახველ ვიდეოს ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს. ნეტგაზეთი მის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ [სტილი დაცულია]:

“უკვე არის ნათქვამი და ცოტა ჟურნალისტებმა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი. მე ვთქვი, რომ ჩემთვის არის სრულიად შესატყვისი იმ ახალი პრეზიდენტისთვის, ქალი პრეზიდენტისთვის, არის სრულიად შესატყვისი ის ორბელიანების სასახლე, რომელსაც აქვს სხვა დატვირთვა ჩემთვის პირადად. მე ძალიან კომფორტაბილურად ვგრძნობ თავს ასეთ ტიპის სასახლეში და მეორე ისიც ვთქვი, რომ მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ, ჩემ სახლიდან ფეხით ვივლი და ესეც არის ახალი ფორმა პრეზიდენტობის. ამიტომ მზად ვარ, რომ ყველაფერი გავიმეორო, მაგრამ რომ ნათქვამი მაქვს, ისიც მართალი არის, რომ ნათქვამი მაქვს”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდნეტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა 6 აგვისტოს დააყენა. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას “ქართულ ოცნება” არ აპირებს. მათ ჯერ არ უთქვამთ, ღიად დაუჭერენ თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილს, თუმცა “ოცნების” არაერთმა წევრმა ეს მხარდაჭერა ირიბად გამოხატა. საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი