ახალი ამბებისამართალი

სმიტების მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიკურად ჯანმრთელია – ბრალდებულის ადვოკატი

15 აგვისტო, 2018 • 3729
სმიტების მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიკურად ჯანმრთელია – ბრალდებულის ადვოკატი

სამხარაულის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ფსიქიკურად ჯანმრთელია. ამის შესახებ ნეტგაზეთს ბრალდებულის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.

“გუშინ ჩატარდა საბოლოო პროცედურა მალხაზ კობაურის ფისიქიკურ ექსპერტიზასთან დაკავშირდებით. მას ექსპერტთა კოლეგია გაესაუბრა, რომელიც ფსიქოლოგებითა და ფსიქიატრებით იყო დაკომპლექტებული. სხდომას ხემძღვანელობდა სამხარაულის ექსპერტიზის ერონვული ბიუროს ფსიქიატრიული დეპარტამენტის თავმჯდომარე, დავით მაღრაძე. ბრალდებულმა ყველა კითხვეს დეტალურად გასცა პასუხი”, – განგვიცხადა ბრალდებულის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.

ადვოკატის თქმით, სამხარაულის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტიდან მალხაზ კობაური N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, წერილობითაც მალევე აღინიშნება, რომ მალხაზ კობაური ფსიქიკურად ჯანმრთელია.

2018 წლის 6 ივლისს 112–ში შევიდა შეტყობინება ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმრისა და მათი ოთხი წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიხედვით, ვერ ხერხდებოდა დაკავშირება რაიან და ლორა სმიტებთან, რომლებიც ხადის ხეობაში შვილთან ერთად იმყოფებოდნენ.

6 ივლისს პოლიციელებმა ჩანჩქერთან მიაგნეს ლორა სმიტის ცხედარს, მეორე დღეს კი აღმოაჩინეს რაიან სმიტის ცხედარიც. ამავე დღეს, შსს-ს ცნობით, დაკავებულის მალხაზ კობაურის მითითებით, პოლიციამ 4 წლის ბავშვის ცხედარსაც მიაგნო, რომელიც დამარხული იყო.

თავდაპირველად გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა, ხოლო ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მალხაზ კობაური ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ სმიტების მკვლელობა ორმა მისთვის უცხო პირმა ჩაიდინა.

გამოძიება ლორა სმიტის გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობდა. მალევე, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ცნობილი გახდა, რომ მოკლულ ლორა სმიტის სხეულში აღოჩენილია მალხაზ კობაურის გენეტიკური პროფილი, რომელიც სექსუალური ხასიათის ქმედებაზე მიანიშნებს. ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ ადვოკატი დავით გირგვლიანი, რომელმაც თავადვე შესთავაზა მალხაზ კობაურის დედას მისი შვილის ინტერესების დაცვა, საქმეს ჩამოშორდა. მოგვიანებით სახაზინო ადვოკატები კვლავ კერძო ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ ჩაანაცვლა.

რაიან და ლორა სმიტები საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მათ საქართველოს მოქალაქეობა 2012 წელს მიიღეს.

მალხაზ კობაური – ხადახს ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული. 11.07.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი