ახალი ამბებიეკონომიკა

დაზუსტებული მონაცემებით, 2017 წელს $2 მილიარდამდე ინვესტიცია შემოვიდა – საქსტატი

15 აგვისტო, 2018 • 3294
დაზუსტებული მონაცემებით, 2017 წელს $2 მილიარდამდე ინვესტიცია შემოვიდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიცების დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გასულ წელს საქართველოში თითქმის 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საქსტატში აცხადებენ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI), 2016 წელთან შედარებით 20.6%-ით გაიზარდა. 

აქამდე მიიჩნეოდა, რომ ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2007 წელს შემოვიდა. დაზუსტებული მონაცემებით, 2007 წელს დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საქსტატში FDI-ის დათვლის მეთოდოლოგია შეცვალეს, ამ კუთხით რეკორდული აღმოჩნდა 2017 წელი.

ახალი მეთოდოლოგიით, წლიური დაზუსტების გარდა, საქსტატს უფლება აქვს, ნებისმიერი პერიოდის მონაცემებში ცვლილება შეიტანოს. ცვლილებაზე განმარტება სასქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემაც გააკეთა:

“დაზუსტება სხვადასხვა კომპონენტს შეეხო. FDI სამი კომპონენტისგან შედგება: სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები. ზოგიერთმა კომპანიამ სესხის გადაკვალიფიცირება მოახდინა, ზოგიერთმა კი, ამ დაზუსტების შედეგად, სააქციო კაპიტალის მოცულობის გაზარდა. შესაბამისად, ეს აისახა ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე”, – ამბობს გოგიტა თოდრაძე.

წყარო: საქსტატი

საქსტატმა ასევე დააზუსტა 2013–2016 წლებში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობაც. საქსტატის დირექტორის თქმით, დღეს, 15 აგვისტოს 2013-2018 წლის პირველი კვარტლის დაზუსტებული მონაცემები გახადეს საჯარო და მანამდე არსებულ FDI-ში (2006-2012) ცვლილება არ შეუტანიათ.

“2013 წლიდან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში შესწორება იმ მიზნით განვახორციელეთ, რომ ამ პერიოდზე მოპოვებული იქნა ახალი წყარო. კომპანიების წარმომადგენლებმა დაზუსტებული მონაცემები მოგვაწოდეს”, – აცხადებს გოგიტა თოდრაძე.

წყარო: საქსტატი

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, კიდევ შეიცვლება თუ არა 2013 წლიდან 2018 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით დღეს გამოქვეყნებული მონაცემები, საქსტატის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით, ეს საბოლოო მონაცემებია, თუმცა, თუ საწარმოები დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან, მაშინ FDI-ის მონაცემებს ისევ ჩაასწორებენ.

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წელს დაზუსტებულ მონაცემებში FDI გაზრდილია 13 მლნ აშშ დოლარით. საქსტატში უკვე გამოქვეყნებული მონაცემების 13-მილიონიან ზრდას ხსნიან რამდენიმე საწარმოს მიერ მიწოდებული ახალი მონაცემებით. 2016 წელს კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უკვე გამოქვეყნებულ რაოდენობას მოაკლდა დაახლოებით 37 მლნ აშშ დოლარი. ამის მიზეზად საქსტატში რამდენიმე საწარმოს მიერ სააქციო კაპიტალის დაზუსტებულ მონაცემებს ასახელებენ. რაც შეეხება 2017 წელს, დაზუსტების შედეგად, FDI-ის უკვე გამოქვეყნებულ მონაცემებს 27 მლნ აშშ დოლარი დაემატა. 

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ხუთელი შემდეგია:

  • აზერბაიჯანი;
  • ნიდერლანდები;
  • თურქეთი;
  • გაერთიანებული სამეფო;
  • ჩეხეთი.

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლიდან აზერბაიჯანიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მცირდება. 2017 წლის დაზუსტებული მონაცემებით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში თითქმის 60% შეადგინა.

წყარო: საქსტატი

საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ დაზუსტებულ მონაცემებში 2013-2017 წლებში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო სექტორები იყო ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, საფინანსო სექტორი, მშენებლობა და ენერგეტიკა. ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში FDI-ის მუცულობა 2013-2016 წლებში იზრდებოდა, თუმცა 2017 წელს თითქმის 1.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. შედეგად, 2017 წელს დაზუსტებული მონაცემებით, ამ დარგში განხორციელდა დაახლოებით 500 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.

წყარო: საქსტატი

რატომ არის მნიშვნელოვანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განვითარებადი ქვეყნებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსია. ფინანსური რესურსის გარდა, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად ასეთ ქვეყნებში ტექნოლოგიები, სამუშაო უნარები, ინოვაციური მიდგომები, ორგანიზაციული და მენეჯერული პრაქტიკაც შედის.

მასალების გადაბეჭდვის წესი