ახალი ამბები

FP: აშშ თურქეთისთვის F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდებას აჩერებს

15 აგვისტო, 2018 • 5942
FP: აშშ თურქეთისთვის F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდებას აჩერებს

თავდაცვის დოკუმენტის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთისთვის F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდების პროცესს აჩერებს. ამის შესახებ Foreign Policy წერს. $717-მილიარდიან კანონს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი 13 აგვისტოს მოაწერა.

კანონის მიხედვით, მოიერიშეების თურქეთისათვის გადაცემა დაიბლოკება მანამდე, სანამ პენტაგონი არ გადახედავს აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობებს, როგორც სამხედრო თანამშრომლობის, ისე ზოგად კონტექსტში. Reuters-ის ცნობით კი, თავდაცვის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს, რამდენად საფრთხის შემცველია პროგრამის გაგრძელება იმ ფონზე, როცა ანკარა მოსკოვისგან რუსეთში წარმოებულ S-400-ის ტიპის თავდაცვის სისტემემებს ყიდულობს.

მოიერიშეთა ყიდვის პროცესი ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობებისა და ორმხრივი სანქციების ფონზე შეჩერდა.

მანამდე არსებული გეგმით, ანკარას ვაშინგტონისგან 100 ავიაგამანადგურებელი უნდა შეეძინა. თურქულმა მხარემ მიმდინარე წლის ივნისში პირველი ორი მოიერიშე  შეიძინა, რაც ტეხასში, ლოქედ მარტინსის ბაზაზე ოფიციალური ცერემონიითაც გაფორმდა. თურქეთის პილოტებს სპეციალური გადამზადება აშშ-ში უნდა გაევლოთ. საბოლოოდ კი, პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თურქეთი F-35-ების მესამე უმსხვილესი ოპერატორი უნდა გამხდარიყო.

აღნიშნულს ეწინააღმდეგებოდნენ როგორც აშშ-ის სენატში, ასევე კონგრესში, ჯერ კიდევ თურქული მხარისთვის პირველი მოიერიშეების გადაცემამდე. მაშინ აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი თურქეთის მიერ რუსული წარმოების S-400-ის ტიპის თავდაცვის სისტემის შეძენა და ამერიკელი პასტორის დაკავება იყო. მიუხედავად კრიტიკისა, პროცესი მაინც დაიწყო.

F-35-ის პროგრამაში 12 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორის ცხრა – აშშ, თურქეთი, იტალია, ნიდერლანდები, კანადა, ავსტრალა, დანია და ნორვეგია მოიერიშის განვითარების პროცესში იღებენ მონაწილეობას. როგორც Foreign Policy წერს, თურქეთისთვის გამანადგურებლების გადაცემის შეწყვეტა გამოწვევა იქნება ვაშინგტონისთვისაც, ვინაიდან თვითმფრინავის გარკვეული კომპონენტები ამ დრომდე თურქეთში მზადდებოდა. გამოცემის ცნობით, თავდაცვის დეპარტამენტს თურქული ფირმების ჩანაცვლებისთვის 2 წელი დასჭირდება.


აშშ-სა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ანკარამ ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი პასტორის გათავისუფლებაზე უარი თქვა. აღნიშნულს ვაშინგტონის მხრიდან ფინანსური სანქციები მოჰყვა. ისინი ჯერ ქვეყნის მთავრობის წევრებს შეეხო, შემდეგ კი, ტრამპის გადაწყვეტილებით, გაფართოვდა და ტარიფები გაორმაგდა თურქეთიდან იმპორტირებილ პროდუქციაზე, მათ შორის, რკინასა და ალუმინზე. თურქეთის პრეზიდენტმა პროცესები “ეკონომიკურ ომად” შეაფასა.

მასალების გადაბეჭდვის წესი