ახალი ამბები

თურქეთი აშშ-იდან იმპორტირებულ პროდუქციაზე გადასახადს ზრდის

15 აგვისტო, 2018 • 5689
თურქეთი აშშ-იდან იმპორტირებულ პროდუქციაზე გადასახადს ზრდის

თურქეთი ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმპორტირებულ პროდუქტზე გადასახადს აძვირებს. პრეზიდენტ ერდოღანის განკარგულება ამის შესახებ დღეს, 15 აგვისტოს გამოქვეყნდა. თურქეთის ვიცეპრეზიდენტის თქმით, ეს არის პასუხი “აშშ-ის ადმინისტრაციის შეტევაზე თურქეთის ეკონომიკის მიმართ”.

CNN-ის ცნობით, თურქეთის მთავრობამ ტარიფები გააორმაგა ამერიკულ მანქანებსა და ალკოჰოლურ სასმელებზე: ერთ შემთხვევაში გადასახადი 120%-მდე, მეორე შემთხვევაში კი  140%-მდე გაიზარდა. ტარიფები ასევე გაიზარდა ხილსა და ბოსტნეულზე, თამბაქოზე, ქვანახშირსა და კოსმეტიკაზე.

ამ გადაწყვეტილებამდე, გუშინ, 14 აგვისტოს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის ელექტრონული ნაწარმის ბოიკოტიც დააანონსა.

ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე გაუფასურებელი ლირის მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება. რეკორდული ვარდნის შემდეგ, თურქეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 1 დოლარი 6.54 ლირა ღირს. მანამდე, ცენტრალურმა ბანკმა კრიზისის დასარეგულირებლად ყველა საჭირო ზომის მიღების პირობა დადო, თურქეთის ფინანსთა სამინისტრომ კი ვითარების დასტაბილურებისთვის ახალი ეკონომიკური მოდელი შეიმუშავა. ჯამში, აგვისტოში ლირა აშშ დოლარის მიმართ 28%-ით, მიმდინარე წელს კი 40%-ით გაუფასურდა.

აშშ-სა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ანკარამ ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი პასტორის გათავისუფლებაზე უარი თქვა. აღნიშნულს მოჰყვა ფინანსური სანქციები ვაშინგტონის მხრიდან. სანქციები ჯერ ქვეყნის მთავრობის წევრებს შეეხო, შემდეგ კი, ტრამპის გადაწყვეტილებით, გაფართოვდა და ტარიფები გაორმაგდა თურქეთიდან იმპორტირებილ პროდუქციაზე, მათ შორის, რკინასა და ალუმინზე. თურქეთის პრეზიდენტმა პროცესები “ეკონომიკურ ომად” შეაფასა.

მასალების გადაბეჭდვის წესი