ახალი ამბები

პრეზიდენტი სუბიექტური ინტერესებით იხელმძღვანელებს – კობახიძე

14 აგვისტო, 2018 • 2258
პრეზიდენტი სუბიექტური ინტერესებით იხელმძღვანელებს – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტი ეცდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელების საკითხზე, პროცესი კინკლაობის რეჟიმში გადაიყვანოს.

“გიორგი მარგველაშვილი რეგულარულად არღვევდა პრინციპებს, როდესაც საქმე ეხებოდა სასამართლოში კადრების გამწესებას. მაგალითად, საუბარია თანამშრომლების გამწესებაზე, სხვა მხრივაც იყო არაერთი გადაცდომა. ეს გვიჩენს  იმის განცდას, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაშიც, იხელმძღვანელებს არა სახელმწიფოებრივი, არამედ სუბიექტური ინტერესებით. მარგველაშვილი ამ შემთხვევაშიც შეეცდება, გადაიყვანოს ეს პროცესი კინკლაობაში. ეს არის მისი მუდმივი ზრუნვის საგანი. მისი დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ არის არასახელმწიფოებრივი”,- განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, სასამართლომ სამი პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო, სამივე გადაწყვეტილება “ნაციონალურ მოძრაობას” უკავშირდებოდა, რის გამოც სასამართლო პრეზიდენტისგან კრიტიკის ობიექტი გახდა.

დღეს, 14 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი მონაწილეობას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევ კონულტაციებში, რომელსაც პრეზიდენტი მართავს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2 აგვისტოს ნინო გვენეტაძე გვენეტაძე გადადგა. მისი განცხადებით, სასამართლო სისტემას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს, რადგან საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობა ესაჭიროება.

ნინო გვენეტაძე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაასახელა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად და პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს დაამტკიცა. იგი სასამართლოს, დაახლოებით, 3.5 წელი ხელმძღვანელობდა.

უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის დანიშვნის წესს საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს. მოქმედი კონსტიტუცია ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პარლამენტს პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, ხოლო პარლამენტი კანდიდატურას საბოლოოდ ამტკიცებს. ამჟამინდელი კონსტიტუციით, პრეზიდენტს ალტერნატივა არ აქვს, მხოლოდ მას შეუძლია დაასახელოს სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.

გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო ვადა ოქტომბრის ბოლოს ეწურება, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ახალი პრეზიდენტის არჩევიდან ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია, რომლის თანხმადაც, პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში აღარ მონაწილეობს. ახალი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს წევრი და ის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარუდგინოს პარლამენტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი