ახალი ამბები

მერიისგან დიღმის ტყე-პარკში მშენებლობის შეწყვეტას ითხოვენ, კალაძე უარზეა

14 აგვისტო, 2018 • 5146
მერიისგან დიღმის ტყე-პარკში მშენებლობის შეწყვეტას ითხოვენ, კალაძე უარზეა

დღეს, 14 აგვისტოს, 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ თბილისის მერიასა და საკრებულოს დიღმის ტყე-პარკისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის დასაბურნებლად და ამჟამად არსებული “კია მოტორსის” შენობის ადგილზე ახალი მშენებლობის შეწყვეტის თხოვნით მიმართა. ამ ტერიტორიაზე კომპანია “ანაგი” მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს.

საპასუხოდ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი პროექტის კრიტიკოსებს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.

რას წარმოადგენს კომპანია “ანაგი”

როგორც მედიასაშუალება “აი ფაქტი” წერს, კომპანია “ანაგი” რომელიც დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მშენებლობას გეგმავს, მონაწილეობს როგორც ბიძინა ივანიშვილის ხეების გადაზიდვაში, ისე მისი “საოცნებო” პროექტის – “პანორამა თბილისის” მშენებლობაში.

“აი ფაქტის” ცნობით, “ანაგი” დიღმის ტყე-პარკში სამ ნაკვეთს ფლობს. მის გარდა აქ ნაკვეთებს ფლობენ თამარ ჩარკვიანი, შპს “პსპ ფარმა,” შპს “ჯორჯიან პეტროლ – 2009” და 35 ფიზიკური თუ იურიდიული პირი. რამდენიმე მათგანმა სცადა ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები მიეღო მერიისგან, მაგრამ ყველას უარი უთხრეს, გარდა “ანაგისა” და შპს “ზამბახისა,” რომლის ტერიტორიაზეც Wissol-ის ბენზინგასამართი სადგური მდებარეობს.

მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა

9 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 2018 წლის მაისში დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე “კია მოტორსის” შენობის ადგილზე საკონცერტო და საგამოფენო სივრცის შესაქმნელად კომპანია “ანაგმა” მერიაში განცხადება შეიტანა. მერიამ ეს განცხადება ივნისში დააკმაყოფილა, დაადგინა მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობები და დაიგეგმა პროექტის შეთანხმება.

მოსახლეობამ, რომელიც ტყე-პარკის გადასარჩენად 2003 წლიდან აქტიურობს, კიდევ ერთი განცხადებით მიმართა ქალაქის მერიასა და საკრებულოს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, 500-ზე მეტმა ხელმომწერმა მოითხოვა, დედაქალაქის მთავრობას არ დაეშვა დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე სამშენებლო კომპანია “ანაგის” მიერ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა.

მოსახლეობის თქმით, ისინი 15 წელზე მეტია იბრძვიან ტერიტორიის გადასარჩენად და მიუხედავად ამისა, ტყე-პარკის ნაწილი მაინც გასხვისდა, რის შედეგადაც, მის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენები ჩაედინება, იჩეხება ხეები და ირღვევა ლანდშაფტის ბუნებრივი ეკოლოგიური ერთიანობა.

“აქ საუბარია იმაზე, რომ არათუ ახალი შენობის მშენებლობა უნდა დაიწყოს, არამედ შენობა [“კია მოტორსის” ცენტრი] გამოცხადდეს შეუსაბომო შენობად, ხოლო იმ ადგილზე დიღმის ტყე-პარკის სტატუსი უნდა გავრცელდეს. შესაბამისად, თვითმმართველობამ ეტაპობრივად  უნდა უზრუნველყოს იმ ტყე-პარკის აღდგენა, რომელიც წლების წინ იყო”, – ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე.

მისივე თქმით, “კია მოტორსის” შენობა არ არის ერთადერთი ნაგებობა, რომლის მიმართაც ეს პრობლემა შეიძლება არსებობდეს. როგორც სალაძე ამბობს, მერიამ ამჟამად არსებული შენობის სხვაგან გადატანაზე უნდა იმუშაოს და არა – ახლის აშენებაზე.

როგორც სალაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ “ანაგის” პროექტში ორანჟერიის გაშენება არის გათვალისწინებული, ჩნდება კითხვა – სადაც ბუნებრივად სიმწვანეა, რა საჭიროა ორანჟერიის მშენებლობა და რატომ არ შეიძლება ორანჟერია 500 მეტრის ან თუნდაც ერთი კილომეტრის დაშორებით მოეწყოს?

დიღმის ტყე-პარკი . KIA MOTORS-ის ცენტრი. ფოტო: თბილისის მერია

“ანაგის” პროექტი. ფოტო: თბილისის მერია

“ჩვენთვის არგუმენტი არ არის, რომ რომელიმე ნაგებობის ადგილზე სხვა შენობას აშენებენ. თუ აქ საუბარია გამოსყიდვაზე, ეს ეტაპობრივად უნდა შეეხოს ყველა შენობას და არა მხოლოდ “კია მოტორსს”, – ამბობს სალაძე. მისივე მოსაზრებით, თუ დედაქალაქის მთავრობა აღნიშნულ მშენებლობას დაუშვებს, მაშინ არ იარსებებს არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა ააშენონ იქ სხვა კომპანიებმა შენობები. რაც შეეხება კერძო საკუთრებას, როგორც სალაძე ამბობს, მერიამ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს მიწის მეპატრონეებთან, ასევე, ამ მიწებზე არ გასცეს ახალი მშენებლობის ნებართვები, რაც მესაკუთრეებს მოლაპარაკებისკენ უბიძგებს. 

პრესკონფერენციაზე აქტივისტებმა განმარტეს, რომ ის მიწა, რომელზეც ახლა “კია მოტორსის” ცენტრია განთავსებული, დიღმის ტყე-პარკს 2009 წელს ჩამოეჭრა და მას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი მიენიჭა. ამ სტატუსის ზონებში მშენებლობები დასაშვებია. აღნიშნული ტერიტორია მიწის ნაკვეთებად დაიყო და გასხვისდა. როგორც არასამთავრობოები ამბობენ, “ანაგმა” ამ ტერიტორიაზე 2012-სა და 2014 წლებში კიდე ორი მიწის ნაკვეთი იყიდა.

როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, მერიას აქვს შანსი, დიღმის-ტყე პარკის ყოფილ ტერიტორიაზე აშენებულ ნაგებობას მიანიჭოს შეუსაბამო შენობის სტატუსი, უნდა შედგეს დელატური ქალაქგეგმარებითი კვლევა, რომელიც განსაზღვრავს, რა აქვს ამ შენობას შეუსაბამო, ფასადი, მიშენება თუ სხვ. ამ კვლევის საფუძველზე ქალაქი ქმნის სამოქმედო გეგმას, თუ როგორც უნდა აღმოფხვრას “შეუსაბამოებები”, ხოლო ტერიტორიაზე ორი პროცესი იწყება: კონსერვაცია, რაც ნიშნავს მშენებლობების შეჩერებას და “შეუსაბამოებების” აღმოფხვა, ეს კი შეიძლება, არაერთი წელი გაგრძელდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნები შემდეგნაირია: 

  • უარი ეთქვას დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ახალი ნაგებობის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნას;
  • ქალაქ თბილისის მერის განცხადებასთან თანხმობაში, “კია მოტორსის” ამ ტეიტორიაზე განლაგებულ შენობა-ნაგებობას მიენიჭოს შეუსაბამო ნაგებობის სტატუსი;
  • ახალი გენგემის პროექტის ფარგლებში, დიღმის ტყე-პარკის მთლიან ტერიტორიაზე (აღმაშენებლის ხეივნის, ახმეტელის, ლიუბლიანას და ჭოხონელიძის ქუჩებს შორის სრული არეალი, აღმაშენებლის ხეივნის გასწვრივ არსებული ნაწილობრივ განაშენიანებული ზოლის ჩათვლით) გავრცელდეს ლანშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი მშენებლობა;
  • მომვალ გენგეგმაში შენარჩუნდეს ამ ტერიტორიისთვის 2006 წელს მინიჭებული სპეციალური გამწვანების ზონის სტატუსი და შეზღუდვის ზონა;
  • გაიმართოს საჯარო შეხვედრები დაინტერესებულ ჯგუფებთან დიღმის ტყე-პარკის დაცვისა და შენარჩუნების სამოქმედო გეგმის განხილვის მიზნით.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • კავკასიური სახლი;
  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • მწვანე ალტერნატივა;
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;
  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • ინიციატივა საჯარო სივრცისათვის;
  • CENN;
  • უსაფრთხო სივრცე.

ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხი

თბილისის მერმა კახა კალაძემ პირველად დიღმის ტყე-პარკზე 8 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე, მას შემდეგ ისაუბრა, რაც ინფორმაცია რამდენიმე მედია საშუალებამ, მათ შორის, ifact-მა გაავრცელა. 

მაშინ კალაძემ აღნიშნულს სიცრუე უწოდა, ყველაფერში კი “ნაციონალური მოძრაობა” დაადანაშაულა და განმარტა:

“ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, თითქოს დედაქალაქის მთავრობა და მერი დიღმის ტყე-პარკში მშენებლობას აპირებს. პირდაპირ შემიძლია ვუთხრა მოსახლეობას, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომა და ტყუილია. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილია, საუბარი იყო იმაზეც, რომ ჩვენ ზონის სტატუსი შევუცვალეთ არსებულ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს, სადაც დღეს “კიას” ცენტრი მდებარეობს, რაც სრული სიცრუეა. ჩვენი არანაირი ზონა არ შეგვიძლია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე დიღმის ტყე-პარკის საკითხს დღეს, 14 აგვისტოს, ჟურნალისტებთანაც გამოეხმაურა და განცხადა, რომ დიღმის ტყე-პარკში, არავითარი შენობა-ნაგებობები არ აშენდება, თუმცა, მისივე თქმით, “კია მოტორსის” შენობის ტერიტორია, დიღმის ტყე-პარკის ნაწილი არ არის.

“გარანტორი ვიქნები პირადად მე და არც ერთი პროექტი არ განხორციელდება. რაც შეეხება “კია მოტორსის” ადგილზე განსახორციელებელ პროექტს, დიღმის-ტყე პარკთან ამ კონკრეტულ ტერიტორიას არანაირი კავშირი არ აქვს, ეს არის მომიჯნავე ტერიტორია, ეს არის კერძო საკუთრება, რომელსაც აქვს საზოგადოებრივი-საქმიანი ზონის სტატუსი, რომელიც მინიჭებული აქვს 2011 წელს. შესაბამისად, იმ სიმახინჯის ნაცვლად, რომელიც დღეს “კიას ცენტრის” სახით გვაქვს წარმოდგენილი, გაკეთდება საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც იქნება ბევრი საინტერესო სივრცე, იქნება საკონცერტო და საგამოფენო დარბეზები,” – ამბობს თბილისის მერი.

ნეტგაზეთის კითხვაზე, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, თუ აპირებს ის იქ მცხოვრებ ხალხს შეხვდეს, კალაძე პასუხობს:

“მოსახლეობა ითხოვს, რომ დიღმის ტყე-პარკში არანირი მშენებლობა არ განხორციელდეს, ჩვენ მოსახლეობასთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ პირობას აუცილებალდ შევასრულებთ და ზუსტად მოსახლეობამ “ნაციონალური მოძრაობისგან” დაიცვა დიღმის ტყე-პარკი, თუმცა, სამწუხაროდ, მინდა ვთქვა, რომ მოხდა ფართების გასხვისება და დიღმის ტყე-პარკის დიდი ნაწილი, თუ მთლიანად არა, კერძო საკუთრება გახდა, შესაბამისად, ჩემი დავალებით დაწყებულია მუშაობა, რომ მოხდეს ამ ფართების გამოსყიდვა და ამ კონკრეტულ ნაწილებში თავისი ინფრასტრუქტურით მოეწყოს ლამზი პარკი,” – განმარტავს კახა კალაძე.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ამბობს, რომ დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება “სიცრუის კამპანიის ნაწილია”.

“რამდენიმე კვირაა დიღმის ტყე-პარკთან მიმართებაში მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მიმდინარეობს. ჩვენი ოპონენტები და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, თითქოს, შენობა, სადაც ავტოსალონია განთავსებული, არის დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე. ეს შენობა დიდი ხნის წინ, წინა ხელისუფლების დროს, გამოეყო დიღმის ტყე-პარკს და შეეცვალა სტატუსი, განთავსდა შენობა- ნაგებობები”, – ამბობს ბექა დავითულიანი.

დიღმის ტყე-პარკი

როგორც Safe Space წერს, დიღმის ტყე-პარკის  ისტორია 1934 წელს იწყება. პარკი სანერგე მეურნეობის ფუნქციას ასრულებდა და სხვადასხვა ჯიშის  ნერგით მთელ ქალაქს ამარაგებდა.  მას აგრეთვე ქარსაცავი ზოლის ფუნქციაც ჰქონდა. ტყე-პარკი თბილისელებისთვის სასეირნო და დასასვენებელი ადგილია. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში მისი ტერიტორია სულ უფრო პატარავდება.  დიღმის ტყე-პარკის მიწები ქალაქის მერიის მიერ უკანონოდ გასხვისდა და ახლა იქ სხვადასხვა ნაგებობა არის აშენებული.

ორგანიზაციისვე ინფორმაციით, თავდაპირველად, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია 200 ჰექტარი იყო, 90-იან წლებში 75 ჰექტარი დარჩა. მიწების დატაცების პროცესიც ამ პერიოდს ემთხვევა. 1995 წელს ქალაქის მერიამ ფირმა “სანს” პარკის 18 ჰექტარი გრძელვადიანი იჯარით გადასცა მრავალფუნქციური პარკის მშენებლობისთვის. 1998 წელს ეს ტერიტორია კომპანიის საკუთრება გახდა.  რეკრეაციულ ზონაში “სანმა”  39 511 ლარი გადაიხადა.

გარდა ამისა, Safe Space-ის ვებ გვერდზე ვკითხულობთ:

1998 წელს ტყე–პარკის დანაწევრება და გაყიდვა დაიწყო. ტყე-პარკის საზღვრებში, სამხედრო გზის პირას ბენზინგასამართი სადგურები, სამრეცხაოები და რესტორნები გაჩნდა. ახალმა მეპატრონეებმა უნიკალური ჯიშების გაჩეხვა დაიწყეს, რაც რამდენჯერმე შეიქმნა ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირების მიზეზი.

2002 წელს მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ჯერ საკრებულოს თავმჯდომარე არ იყო, დიღმის ტყე-პარკში ორი აქცია ჩაატარა. მოგვიანებით, საკრებულოს დადგენილებით (N 27. 2003წ) ტყე–პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა აიკრძალა.  ამ დადგენილების დარღვევას რამდენჯერმე შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ.

2007 წელს ტყის ფართობი 20.5 ჰექტარით განისაზღვრა (N16). მერიამ ხეების მოვლა-პატრონობის პროგრამების დაფინანსება დაიწყო.

2009 წელს დამტკიცდა თბილისის განვითარების პერსპექტიული გეგმა. გეგმის მიხედვით, დიღმის ტყე-პარკს განესაზღვრა შემდეგი სტატუსი: რეკრეაციული ზონა-1, რაც ბუნების დაცვის ყველაზე მკაცრი რეჟიმია.

2009 წლის 11 სექტემბრის საკრებულოს  სხდომაზე დიღმის-ტყე პარკის ნაწილს რეკრეაციული სტატუსი მოეხსნა. იმავე დადგენილებით თბილისში კიდევ 22 ზონას შეეცვალა სტატუსი.  პარკის ტერიტორიის ნაწილი საქმიან ზონა 2–ად გადაკეთდა (N 2538) ამ გადაწყვეტილებამ აქციები და პროტესტი გამოიწვია.

ვრცლად, დიღმის ტყე-პარკის ისტორიის შესახებ, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი