ახალი ამბები

თუ მათ აქვთ აიფონი… ჩვენ გვაქვს ვესტელი – ერდოღანი ამერიკული ნაწარმის ბოიკოტს აანონსებს

14 აგვისტო, 2018 • 28670
თუ მათ აქვთ აიფონი… ჩვენ გვაქვს ვესტელი – ერდოღანი ამერიკული ნაწარმის ბოიკოტს აანონსებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ამერიკის ელექტრონულ პროდუქციას ბოიკოტს გამოუცხადებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ანკარაში, თავისი პარტიის მეთექვსმეტე იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

Financial Times-ის ცნობით, ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი “ეფლისგან” თუ სხვა ამერიკული მწარმოებლებისგან პროდუქციას აღარ შეიძენს.

“ჩვენ ამერიკულ პროდუქციას ბოიკოტს გამოვუცხადებთ. თუ მათ აქვთ აიფონი, სხვა მხარეს არის სამსუნგი. ჩვენ ასევე გვაქვს საკუთარი ვესტელი. ჩვენ ამ ზომებს მივიღებთ”, – ციტირებს ერდოღანს გამოცემა “ჰურიეთი”.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი Apple-ის პროდუქციის მიმართ ყოველთვის ასე მწყრალად განწყობილი არ ყოფილა. 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობისას, ერდოღანის მოწოდება, მოსახლეობა ქუჩაში გამოსულიყო, სწორედ აიფონისა და კომპანია Apple-ის სერვის Facetime-ის მეშვეობით გადაიცა პირდაპირ ეთერში.

ერდოღანის დანაპირების შესრულების შემთხვევაში, ბოიკოტი პასუხი იქნება აშშ-ს მიერ აგვისტოს დასაწყისში დაწესებულ სანქციებზე, მათ შორის, თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქციის ტარიფების გაზრდაზე. სანქციების შედეგად თურქეთის ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა.


აშშ-სა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ანკარამ ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი პასტორის გათავისუფლებაზე უარი თქვა. აღნიშნულს ვაშინგტონის მხრიდან ფინანსური სანქციები მოჰყვა, რამაც თურქეთის ეროვნული ვალუტის ისედაც რთული მდგომარეობა მეტად გააუარესა.

ორ ქვეყანას შორის დავის საგანს, სასულიერო პირის დაკავების გარდა, სხვა არაერთი საკითხიც წარმოადგენს. მათ შორის, აშშ-ს მხარდაჭერა სირიელი ქურთების მიმართ და ერდოღანის ხელისუფლების მიერ გადატრიალების მცდელობაში დადანაშაულებული ფეთულა გიულენის საკითხი, რომელიც ამ დრომდე აშშ-ში ცხოვრობს.

თუ მათ აქვთ დოლარები, ჩვენ გვყავს ალაჰი – ერდოღანი ლირის გაუფასურებასა და სანქციებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი