საქართველო კონგოში ტყვედ ჩავარდნილი მფრინავის საქმის გამოძიებას აჭიანურებს – HRIDC

წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც სოსო ოსორაული კონგოში გაუჩინარდა და ამ დროის მანძილზე, როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) აცხადებს, მისი ოჯახისთვისაც კი უცნობია, რა ღონისძიებები გატარდა საქართველოს სახელმწიფოს მიერ მფრინავის მოსაძებნად და სამშობლოში დასაბრუნებლად.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავს კონგოს რესპუბლიკაში გაუჩინარებული მფრინავის, სოსო ოსორაულის საქმის გამოძიების გაჭიანურების გამო.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ მის ხელთ არსებული მასალები გამოსაძიებლად საქართველოს მთავარ პროკურატურას გადასცა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, მთავარ პროკურატურას რამდენჯერმე მიმართეს განცხადებით, რათა ოსორაულის ოჯახის წევრებს მინიჭებოდა დაზარალებულის სტატუსი და მისცემოდათ საქმის მასალების გაცნობის საშუალება. მიმდინარე წლის 1 მაისს, მთავარმა პროკურატურამ სოსო ოსორაულის ცოლს, ნინო ოსორაულს მისცა საშუალება, გაცნობოდა საქმის მასალებს, მაგრამ მას დღემდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი.

სოსო ოსორაული

გასული წლის დეკემბერში სოსო ოსორაულის ძმა, გიორგი ოსორაული გაემგზავრა საზღვარგარეთ, რათა საკუთარი ძალებით მოეძებნა სოსო ოსორაული და დაებრუნებინა საქართველოში. გიორგი ოსორაული აცხადებს, რომ მისი ძმა ცოცხალია, მაგრამ მასთან პირდაპირ კონტაქტზე გასვლას ვერ ახერხებს.

სოსო ოსორაულის ძმა თვლის, რომ სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან ადგილი აქვს საკუთარი მოქალაქისადმი გულგრილ დამოკიდებულებას, რაც კიდევ უფრო მეტად აფერხებს გაუჩინარებულის ადგილსამყოფელის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოძიებას და მის სამშობლოში დაბრუნებას. სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო გადაწყვიტა გიორგი ოსორაულმა, საკუთარი ძალებით იზრუნოს ძმის მოძიებაზე და სამშობლოში დაბრუნებაზე, მაგრამ მისი მცდელობა, როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრიდან გვაცნობეს, სახელმწიფო ინსტიტუტების მონაწილეობის გარეშე, სასურველი შედეგით ვერ მთავრდება.

არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ კონსტიტუციის მე-13 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო მფარველობს თავის მოქალაქეს, განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა. ამასთანავე, მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს, თავისუფლებებსა და კანონიერ ინტერესებს საქართველოს ტერიტორიაზე და მისი ფარგლების გარეთ იცავს საქართველო.

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე, მოითხოვენ:

  • საქართველოს მთავრობამ გადადგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები საკუთარი მოქალაქის დასაცავად;
  • პრემიერ მინისტრის მეთვალყურეობის ქვეშ შეიქმნას სპეციალური ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებისა და გაუჩინარებული მფრინავის ძმის, გია ოსორაულის მონაწილეობით;
  • საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უზრუნველყოს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდეს ეფექტიანად, სრულყოფილად და დროულად ცნოს დაზარალებულად სოსო ოსორაულის ოჯახის წარმომადგენლები – ნინო ოსორაული და გია ოსორაული.

სოსო ოსორაული, კონგოში ტყვედ ჩავარდნილი მფრინავი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.