ახალი ამბებისამართალი

დავაკავეთ ტყის მცველი, ვისი გულგრილობითაც გარემოს 287 200 ლარის ზიანი მიადგა – პროკურატურა

14 აგვისტო, 2018 • 2618
დავაკავეთ ტყის მცველი, ვისი გულგრილობითაც გარემოს 287 200 ლარის ზიანი მიადგა – პროკურატურა

გუშნ, 13 აგვისტოს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე, სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის სიონის სატყეო უბნის N2 სამცველოს ყოფილი ტყის მცველი ბ.ნ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბ.ნ. 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე მუშაობდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის სიონის სატყეო უბნის დარბაზის N2 სამცველოს ტყის მცველად, იყო მოხელესთან გათანაბრებული პირი და მის ძირითად მოვალეობაში შედიოდა მასზე ჩაბარებული ტყის დაცვა:

“მიუხედავად აღნიშნულისა, მან არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. კერძოდ კი 2018 წლის იანვარსა და თებერვალში სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ბ.ნ.-ს სამოქმედო ტერიტორიაზე 2300 კბმ – 3026 ძირი უკანონოდ მოჭრილი სხვადასხვა ჯიშის ხე გამოავლინეს, რის შედეგადაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 287 200 ლარი შეადგინა.”

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა, მათ შორის საჯარო მოხელეთა მხილების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი