ახალი ამბები

სოც. მედიაში ეკონომიკური ტერორისტები სპეკულირებენ – ერდოღანი ლირის კრიზისზე

13 აგვისტო, 2018 • 3352
სოც. მედიაში ეკონომიკური ტერორისტები სპეკულირებენ – ერდოღანი ლირის კრიზისზე

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სოციალურ მედიაში “ეკონომიკური ტერორისტები” მოქმედებენ, რომლებიც ყალბ ინფორმაციას განგებ ავრცელებენ. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ერდოღანმა თურქეთის ფინანსურ პრობლემებზე საუბრისას, ანკარაში განაცხადა.

“სოციალურ მედიაში ეკონომიკური ტერორისტები არიან. ისინი მოღალატეთა ქსელს წარმოადგენენ. მათ ჩვენ დროს არ მივცემთ და სპეკულაციების გავრცელებისთვის შესაბამის ფასს გადაიხდიან”, – აღნიშნა პრეზიდენტმა თურქეთის დედაქალაქში ელჩებთან შეხვედრისას.

ერდოღანის ამ განცხადებამდე, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალური მედიის 346 პროფილის შესწავლა დაიწყო, რომლებიც, უწყების ცნობით, ლირის კურსის შესახებ პროვოკაციულ პოსტებს ავრცელებენ. აღნიშნულის შესახებ დამოუკიდებელი გამოძიება თურქეთის კიდევ ორი უწყება იძიებს.

ელჩებთან შეხვედრისას ერდოღანი უშუალოდ შეეხო აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს და მას “ზურგში დანის ჩარტყმა” უწოდა. მისი თქმით, “შეტევები ეკონომიკაზე გარკვეულ ხანს კიდევ გაგრძელდება”, თუმცა თურქეთი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.

თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებით კვლავ უფასურდება. თბილისის დროით 09:00-ზე, თურქეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 1 დოლარი 6.88 ლირა ღირს, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში კი მისი ფასი 7 ლირას სცდება.

გაუფასურების რეკორდულ მაჩვენებელს თურქეთის ეროვნულმა ვალუტამ 12 აგვისტოს საღამოს მიაღწია, როცა 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 7.20 ლირა გახდა. ღამის განმავლობაში მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა და დოლარის ფასი 6.44 ლირამდეც ჩამოვიდა, თუმცა 13 აგვისტოს, დღის განმავლობაში ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება განაგრძო.

თურქეთის ეროვნულმა ბანკმა ბანკების დასახმარებლად ყველა საჭირო ზომის მიღების პირობა დადო, ფინანსთა სამინისტრომ კი ახალი გეგმის ამოქმედება დააანონსა, რომელიც ვითარებას დაასტაბილურებს.


თურქეთის ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება აშშ-სმიერ თურქეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ დაიწყო.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ანკარამ ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი პასტორის გათავისუფლებაზე უარი თქვა. აღნიშნულს ვაშინგტონის მხრიდან ფინანსური სანქციები მოჰყვა, რამაც თურქეთის ეროვნული ვალუტის ისედაც რთული მდგომარეობა მეტად გააუარესა.

ორ ქვეყანას შორის დავის საგანს, სასულიერო პირის დაკავების გარდა, სხვა არაერთი საკითხიც წარმოადგენს. მათ შორის, აშშ-ს მხარდაჭერა სირიელი ქურთების მიმართ და ერდოღანის ხელისუფლების მიერ გადატრიალების მცდელობაში დადანაშაულებული ფეთულა გიულენის საკითხი, რომელიც ამ დრომდე აშშ-ში ცხოვრობს.

ლირა გაუფასურების ახალ რეკორდებს ხსნის – მთავრობა გეგმის წარდგენას აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი