ახალი ამბებიეკონომიკა

ეროვნული ბანკის მანდატი არ ითვალისწინებს კურსზე კომენტარის გაკეთებას – სები

13 აგვისტო, 2018 • 3665
ეროვნული ბანკის მანდატი არ ითვალისწინებს კურსზე კომენტარის გაკეთებას – სები

საქართველოს ეროვნულ ბანკში ლარის კურსზე კომენტარს არ აკეთებენ. “ნეტგაზეთმა” სებ-ს კითხვებით დღეს, 13 აგვისტოს მიმართა. ჩვენ გვაინტერესებდა, რას უკავშირდებდა ბანკი ლარის ბოლოდროინდელ მკვეთრ გაუფასურებას უცხოურ ვალუტასთან მიმართებით. ასევე დავინტერესდით, გეგმავს თუ არა ეროვნული ბანკი რეაგირებას ლართან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ბერკეტების მეშვეობით.

რამდენიმე საათის შემდეგ ეროვნული ბანკიდან გვიპასუხეს, რომ სებ-ის მანდატი  ლარის კურსზე კომენტარის გაკეთებას არ ითვალისწინებს.

საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს. სებ-ის ინფორმაციით, მსგავსი რეჟიმის პირობებში გაცვლითი კურსი ხასიათდება მოკლევადიან პერიოდში მერყეობით. მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში, გაცვლითი კურსს  სავალუტო ბაზრი განსაზღვრავს, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა შედის.

აქედან გამომდინარე, “ნეტგაზეთმა” სებ-ს ჰკითხა, მათი შეფასებით, ეს ლარის მოკლევადიანი რყევებია თუ დევალვაციის ტენდენცია შესაძლოა გაგრძელდეს.

ლარმა გაუფასურება 9 აგვისტოდან დაწყო. 10 აგვისტოს კი ეროვნული ვალუტა თითქმის 7 თეთრით გაუფასურდა. ლარის დევალვაციის ტენდენცია 13 აგვისტოსაც გაგრძელდა. დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან თითქმის 4 თეთრით, ევროსთან კი 2 თეთრით გაუფასურდა. ხვალ, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.57 ლარი იქნება, ერთი ევროს ოფიციალური ფასი კი 2.92 ლარია.

აგვისტოს დასაწყისში სებ-მა სავალუტო აუქციონზე 17.5 მლნ აშშ დოლარი დოლარი შეიძინა. ჩვენ ერონულ ბანკს ვკითხეთ უკავშირდება თუ არა ლარის გაუფასურება ამ ფაქტს, თუმცა მათგან პასუხი ვერ მივიღეთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი