ზრუნვა დასჯის ნაცვლად – რატომ უნდა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა საქართველოში

30 წლის ვანო მაჭავარიანი საკუთარი ქორწილის წინა დღეს დააკავეს. ვანო თავისი ქორწილის გამო ორგანიზებულ “ბიჭების წვეულებაზე” მიდიოდა, როდესაც პოლიციამ ორი დოზა LSD ამოიღო, სულ 0.00172 გრამი.

0.00172 გრამი LSD-ს კანონი განსაკუთრებით დიდ ოდენობად  მიიჩნევს. ვანო მაჭავარიანს 9.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა სასამართლომ. მისი ქორწინება ჩაიშალა. ციხეში 5 წელი გაატარა და საპატიმრო დაწესებულება 2017 წლის ოქტომბერში პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ დატოვა.

საქართველოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მძიმე ადამიანური შედეგები შეისწავლა Human Rights Watch-მა. ორგანიზაცია ვანო მაჭავარიანის მსგავსად, ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულ 85 ადამიანს, მათ ადვოკატებს, ოჯახის წევრებს ესაუბრა. ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე რეიჩელ დენბერი ამბობს, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არ მუშაობს:

“ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ნარკოტიკის მოხმარების პრობლემას ვერ ჭრის, პირიქით, ადამიანები განიცდიან ტრავმას ციხეში ყოფნით, ამას გარდა, ამ ადამიანების ოჯახის წევრები იხდიან დიდი ჯარიმებს, კარგავენ, მაგალითად, საცხოვრებელ სახლს და უფრო რთულ მდგომარეობაში არიან”, – ამბობს დენბერი. 

სწორედ ამიტომ ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაციაა, ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების და შეძენა შენახვის დეკრიმინალიზაცია მოხდეს.

ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი გიორგი გოგია ყურადღებას ამახვილებს იმ ოდენობებზე, რასაც კანონი მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობად თვლის. 

“იმ ადამიანების 75%, ვისაც ნარკოტიკების ფლობას ედავებიან, არ აღმოაჩნდა განსაზღვრული მცირე ოდენობა, რაც პრობლემურია იქედან გამომდინარე, რომ ნებისმიერი ოდენობით ფლობა ამ ნივთიერების, უკვე ხდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა” – ამბობს გოგია. 

გიორგი გოგია ასევე ყურადღებას ამახვილებს “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკაზე, რომელსაც საუკეთესოდ სისხლის სამართლის კოდექსი ასახავს. ქვეყანა მიიჩნევს, რომ ნარკოტიკის ფლობა უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე მვლელობა, გაუპატიურება ან ტრეფიკინგი.

“მთელი რიგი ძალადობრივი დანაშაულებისა უფრო მსუბუქ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს”, – ამბობს გოგია.

რეპრესიული ნარკოპოლიტიკის კიდევ ერთი ასპექტია, ისეთი უფლებების შეზღუდვა, რომელიც პატობრივად ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულ ადამიანს, თუნდაც იგი პატიმრობას გადაურჩეს, მაინც პერსპექტივის გარეშე ტოვებს.

23 წლის კოტე ჯაფარიძე მუსიკოსია. იგი ორ მეგობართან ერთად 2 გრამი MDMA-ს ფლობისთვის დააკავეს. 2 გრამი MDMA 10 დოზაა. მეგობრები მის მიღებას ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღეზე გეგმავდნენ და შემდეგ დროის გატარებას ღამის კლუბში აპირებდნენ.

“წარმოდგენაც არ მქონდა, რომ დანაშაულს ჩავდიოდი, ჩვენ უბრალოდ დროის კარგად გატარება გვსურდა”, – ამბობს ჯაფარიძე, რომელსაც 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ჯაფარიძემ ციხეში 6 თვე გაატარა, 5 წელს კი პირობითი მსჯავრის ქვეშ იხდის. სასამართლომ მას ასევე 25 000 ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. მას ასევე ჩამოერთვა მართვის მოწმობა და 5 წლის ვადით სხვადასხვა სამსახური დაკავების უფლება. ოჯახს კი ჯარიმის გადასახდელად სესხის აღება დასჭირდა, რომელსაც დღემდე იხდის:

” ეს ისეთი უსამართლობაა, მე არ ჩამიდენია საფრთხის შემცვლელი ან ძალადობრივი დანაშაული. ნარკოტიკები, რომელიც ვიყიდე პირადი მოხმარებისთვის იყო და ამის გამო დღემდე ვიხდი” – ამბობს ჯაფარიძე.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი გურო იმნაძე ამბობს, რომ უფლებები, რომელსაც სახელმწიფო ართმევს ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულ პირს, ძალიან ფართოა, ის სრულად ეხება საჯარო სექტორში მუშაობის უფლების შეზღუდვას, ასევე რიგ პროფესიულ საქმიანობებს – საექიმო, საადვოკატო საქმიანობას. უფლების ჩამორთმევის მინიმალური ვადა 3 წელია.

” საბოლოო ჯამში, მთელი ეს მექანიზმი ემსახურება არა ნარკოტიკის მომხმარებლების ხელშეწყობასა და რესოციალიზაციას, არამედ, მათ გარიყვასა და საზოგადოებისგან დამატებით იზოლაციას”.

რეკომენდაციის თანახმად, დამატებითი უფლებების შეზღუდვის მექანიზმი უნდა გაუქმდეს და თუ სახელმწიფო გამოიყენებს ამ მექანიზმს, ის აუცილებლად კავშირში უნდა იყოს ჩადენილ დანაშაულთან.

იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმება

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად პოლიცია აქტიურად იყენებს იძულებით ნარკოლოგიურ შემოწმებას. 2012-16 წლებში პოლიციამ იძულებით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე 193 000 ადამიანი გადაიყვანა, საიდანაც 33%-ს დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარება. თითო ადამიანის შემოწმება სახელმწიფოს 52-53 ლარი უჯდება:

“იძულებითი შემოწმების საფუძვლები არის ბუნდოვანი. ერთ-ერთი საფუძველი არის ოპერატიული ინფორმაცია, რაც არის უკონტროლი იარაღი პოლიციის ხელში. ტესტირების დროს ხდება ადამიანის დაკავება, შინაარსობრივად ეს პირები არიან დაკავებულები, მაგრამ სამართლებრივად ისინი არ სარგებლობენ დაკავებულის სტატუსითა და უფლებებით”, – ამბობს გურო იმნაძე.

იურისტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა დაასრულოს არსებული პრაქტიკა იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების და ნათელი და ცხადი საფუძვლებით მოხდეს ადამიანების ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანა.

გიორგი გოგიას მოსაზრებით, არსებული ნარკოტესტირების პრაქტიკა პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებებს:

“ეს არის თვითნებური დაკავება და ეს უნდა შეწყდეს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ნარკოტიკული თრობის ფაქტზე უნდა გაუქმდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, თვითონ ტესტირების არსებული მოდელიც კარგავს აზრს. თუ ხდება სხვა დანაშაულის ჩადენა, სადაც ალკოჰოლური, თუ ნარკოტიკული თრობა არის დამამძიმებელი გარემოება, ამ შემთხვევაში ტესტირება გამართლებულია”, – ამბობს გოგია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com