ახალი ამბები

ლირა გაუფასურების ახალ რეკორდებს ხსნის – მთავრობა გეგმის წარდგენას აანონსებს

13 აგვისტო, 2018 • 10111
ლირა გაუფასურების ახალ რეკორდებს ხსნის – მთავრობა გეგმის წარდგენას აანონსებს

თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებით კვლავ უფასურდება. მხოლოდ ბოლო 1 საათში მონაცემი რამდენჯერმე შეიცვალა. თბილისის დროით 11:45-ზე, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარის ფასი 6.95 ლირას შეადგენს.

გაუფასურების რეკორდულ მაჩვენებელს თურქეთის ეროვნულმა ვალუტამ 12 აგვისტოს საღამოს მიაღწია, როცა 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 7.20 ლირა გახდა. ღამის განმავლობაში მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა და დოლარის ფასი 6.44 ლირამდეც ჩამოვიდა, თუმცა დილის საათებში ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება განაგრძო.

ამ დროისთვის, 1 თურქული ლირა 37 თეთრი ღირს.

თურქეთის ფინანსთა მინისტრმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძემ, ბერათ ალბაირაქმა ვითარების დასტაბილურების გეგმის წარმოდგენა დღეს, 13 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში დააანონსა.

“ორშაბათის დილიდან ჩვენი ინსტიტუციები დაიწყებენ საჭირო ნაბიჯების გადადგმას და შეთანხმებულ მოქმედებას ბაზართან”, – თქვა მინისტრმა “ჰურიეთთან” ინტერვიუს დროს. მისივე თქმით, გეგმა მომზადდა როგორც ბანკებისთვის, ისე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომლებიც სავალუტო ქაოსის დროს ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

ბანკებს მხარდაჭერა თურქეთის ეროვნულმა ბანკმაც აღუთქვა. უწყების განცხადებით, ბანკებს ყველა შესაძლებლობა მიეცემათ, რათა მიმდინარე პროცესებს გაუმკლავდნენ.

რთული პროცესების ფონზე, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხისტ რიტორიკას ინარჩუნებს. მისი თქმით, თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომი მიმდინარეობს, რომელსაც ანკარა შესაბამისად უპასუხებს.

“…ისინი ცდილობენ, ფულით მიაღწიონ იმას, რაც ვერ შეძლეს პროვოკაციებით და [2015 წლის ივლისის]გადატრიალების მცდელობით.

…[ამერიკა] ცდილობს გაწიროს დიდებული ქვეყანა 81 მილიონიანი ძლიერი მოსახლეობით პასტორის გამო, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციებთანაა დაკავშირებული”, – აღნიშნა ერდოღანმა მისი პარტიის წევრებთან შეხვედრისას ტრაპიზონში. მისი თქმით, თურქეთი “ეკონომიკურ ომს” ახალი ბაზრების გახსნითა და პარტნიორების შეძენით უპასუხებს.

მანამდე, 11 აგვისტოს, სახელმწიფო გამოცემა “Daily Sabah”-ის ცნობით, ერდოღანმა რიზეში მხარდამჭერებს მიმართა, რომ აშშ-ს ნაცვლად, თურქეთი მზადაა, ადგილობრივი ვალუტებით ჩინეთთან, რუსეთთან და ევროკავშირთან ივაჭროს.

სანამ ერდოღანი უკან არ იხევს, აშშ სანქციებს აძლიერებს. 10 აგვისტოს დონალდ ტრამპმა მსოფლიოს “ტვიტერით” შეატყობინა, რომ აშშ თურქეთიდან იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფებს გააორმაგენს. პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ, ლირის გაუფასურება ახალი ტემპებით გაგრძელდა.


აშშ-სა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ანკარამ ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი პასტორის გათავისუფლებაზე უარი თქვა. აღნიშნულს ვაშინგტონის მხრიდან ფინანსური სანქციები მოჰყვა, რამაც თურქეთის ეროვნული ვალუტის ისედაც რთული მდგომარეობა მეტად გააუარესა.

ორ ქვეყანას შორის დავის საგანს, სასულიერო პირის დაკავების გარდა, სხვა არაერთი საკითხიც წარმოადგენს. მათ შორის, აშშ-ს მხარდაჭერა სირიელი ქურთების მიმართ და ერდოღანის ხელისუფლების მიერ გადატრიალების მცდელობაში დადანაშაულებული ფეთულა გიულენის საკითხი, რომელიც ამ დრომდე აშშ-ში ცხოვრობს.

თუ მათ აქვთ დოლარები, ჩვენ გვყავს ალაჰი – ერდოღანი ლირის გაუფასურებასა და სანქციებზე

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი