ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფეხბურთი ჩაშლის ზღვარზე – უფულოდ დარჩენილი აფხაზი სპორტსმენები

13 აგვისტო, 2018 • 4150
ფეხბურთი ჩაშლის ზღვარზე – უფულოდ დარჩენილი აფხაზი სპორტსმენები

“დიდი ფეხბურთი ჩაშლის ზღვარზე” – ასეთი სათაურით გამოქვეყნდა სტატია საფეხბურთო კლუბ ნარტის ფეისბუკის გვერდზე. პუბლიკაციაში საუბარია იმაზე, რომ მოახლოებულ სეზონს ფეხბურთელები ოპტიმიზმით ვეღარ ხვდებიან.

აფხაზეთში შვიდიდან ორი გუნდის მონაწილება ფინანსური პრობლემების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამ დრომდე სპორტსმენებისა და მსაჯების მიმართ ჯერ კიდევ წინა ჩემპიონატისთვის დავალიანებები არსებობს. მსგავსი პრობლემებია ბავშვებისა და მოზარდების საფეხბურთო გუნდებშიც.

იმისთვის, რომ აფხაზეთში ფეხბურთი არსებობდეს, ყოველწლიურად დაახლოებით, 20 მილიონი რუბლი [დაახლოებით, 300 ათასი აშშ დოლარი] უნდა დაიხარჯოს. ეს არის ფეხბურთელების, მწვრთნელების, მსაჯების ხელფასები და შეჯიბრებების ორგანიზების ხარჯები.

25 წლის განმავლობაში ავად თუ კარგად, აფხაზეთში ფეხბურთი არსებობდა და ვითარდებოდა კიდეც. მეტიც, სოხუმში გამართული CONIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი აფხაზი სპორტსმენებისთვის არა მხოლოდ ახალი სიმაღლის, არამედ კულმინაციის მიღწევა გახდა. თუმცა ამას თან ფეხბურთის დაცემა და შესაძლოა, სევდიანი დასასრულიც მოჰყვა.

იმის გამო, რომ 2018 წლის ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული მორიგი ჩემპიონატის ჩატარების ხარჯები, ფეხბურთის ფედერაცია უფოლოდ დარჩა. მეტიც, – ვალებით.

“ჩვენ არ გვყავს ჩვენი საკუთარი მსაჯები. ამიტომაც, იძულებული ვართ, მოვიწვიოთ ისინი. ყველაზე ხშირად ჩვენთან ჩამოდიან უკრაინიდან, დონეცკიდან და ლუგანსკიდან. მათი ვალიც გვაქვს წინა სეზონისთვის”, – გვიყვება აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯუმა კვარაცხელია.

ის იმედოვნებს, რომ სახელმწიფო მაინც არ დატოვებს ფეხბურთს მხარდაჭერის გარეშე. მისი აზრით, საფეხბურთო კლუბებს, რომლებიც სპონსორების დახმარების გარეშე დარჩენენ, ადგილობრივი საქალაქო ადმინისტრაციები უნდა აფინანსებდნენ.

“ჩვენ არ გვყავს ისეთი მდიდარი ადამიანები ან ორგანიზაციები, რომლებიც მთელ საფეხბურთო კლუბებს შეინახავდნენ. ამიტომაც, თუ გვინდა, რომ აფხაზეთში ფეხბურთი არსებობდეს, ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს. მაგალითად, ათონს ჰყავს საკუთარი გუნდი, ფულის ნაწილი მაინც მისცენ ქალაქის ბიუჯეტიდან”, – ამბობს ჯუმა კვარაცხელია.

სიტუაცია, სადაც სპორტსმენები საბიუჯეტო დახმარების გარეშე რჩებიან – ნონსენსია – ამბობენ ფეხბურთელები – ეს ხომ ისეთივე პროფესიაა, როგორც სხვა პროფესიები, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მოთამაშეებმა უნდა მიიღონ ხელფასები – მიიჩნევენ ფეხბურთის სფეროს წარმომადგენლები.

“ჩვენ ყველანი მივდივართ სტადიონებზე ლამაზი თამაშის სანახავად. იმისთვის, რომ ეს თამაში გვაჩვენონ, ფეხბურთელი უნდა ვარჯიშობდეს. ბაზარში კი არ უნდა ვაჭრობდეს ან მშენებლობაზე მუშაობდეს, უნდა ითამაშოს. მაგრამ ფეხბურთელებსაც ჰყავთ ოჯახები, შვილები, ამიტომაც ჩვენ მათ ღირსეული ხელფასი უნდა შევთავაზოთ.  ჩვენი ბიუჯეტიდან ვინმე იღებს ღირსეულ ხელფასს?”- ამბობს რაფაელ ამპარი, ფიკულტურისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

მისი თქმით, იმისთვის, რომ გუნდმა ერთ სეზონზე ითამაშოს და აფხაზეთის თასის გათამაშებაში იმონაწილეოს, კლუბს მინიმუმ ორი მილიონი რუბლი [დაახლოებით, 30 ათას აშშ დოლარი] უნდა ჰქონდეს. ასეთ სპონსორულ დახმარებას აფხაზეთში ვერავინ იღებს.

“ყოველი სეზონის წინ გუნდები დილემის წინაშე არიან  – სად იშოვონ ტურნირში მონაწილეობის ფული ან საერთოდ უარი ხომ არ თქვან ამ მონაწილეობაზე. დღეს კითხვის ნიშნის ქვეშაა ორი გუნდის “ათონისა” და “ოჩამჩირეს ერცახუს” მონაწილეობა”, – ამბობს ამპარი.

ფეხბურთელებს სახელმწიფოს და კერძოდ, პრეზიდენტის ყურადღების იმედიღა რჩებათ. თუ ფინანსები არ გამოიყოფა, მორიგი ჩემპიონატი აფხაზეთში აღარ გაიმართება.

იმისთვის, რომ ფეხბურთზე ხარჯები შემცირდეს, ამ სპორტში მხოლოდ ბავშვები და მოზარდები უნდა დარჩნენ, რომლებიც კარიერას სხვა ქვეყნის კლუბებში გააგრძელებენ. მომავალში კი, როდესაც აფხაზეთში ფეხბურთის განვითარებით დაინტერესდებიან, ალბათ აქ ფეხბურთი საერთოდ აღარ იარსებებს.

სოხუმის სტადიონი; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი