ახალი ამბებისამართალი

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

10 აგვისტო, 2018 • 3159
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

დღეს, 10 აგვისტოს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებულ გ.ჭ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა გ.ჭ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2018 წლის 7 აგვისტოს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს ფინანსური და სხვა პირადი უთანხმოება გააჩნდა რუსთავში არსებულ ბაზრობის (შპს ,,ერთობა“) ერთ-ერთ მფლობელ – სამსონ ქუთათელაძესთან:

“აღნიშნული მიზეზით იგი 2018 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 16:00-17:00 საათებში, ბაზრობის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა, სადაც სამსონ ქუთათელაძეს შეხვდა, შეჰყვა მას სამუშაო ოთახში და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამსონ ქუთათელაძე გ.ჭ.-ს მიერ მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.”

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გ.ჭ.-სთვის წარდგენილი ბრალდება, დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი