ახალი ამბები

კლუბ Bassiani-ის რეზიდენტები მოსკოვში აღარ წავლენ

10 აგვისტო, 2018 • 6529
კლუბ Bassiani-ის რეზიდენტები მოსკოვში აღარ წავლენ

კლუბ Bassiani-ის რეზიდენტები, მოსკოვში, Red Bull-ის მუსიკალურ ფესტივალზე აღარ გამოვლენ. ამის შესახებ განცხადებას კლუბი ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს. კლუბმა გადაწყვეტილება მოქალაქეთა პროტესტის შემდეგ მიიღო.

“ჩვენს გულწრფელ სურვილს მონაწილეობა მიგვეღო წინააღმდეგობრივი შინაარსის ღამეში, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ერთგული მხარდამჭერების, მეგობრებისა და საზოგადოების მხრიდან. ჩვენ სრულად ვიაზრებთ იმ გულისტკივილს, რაც თანამოქალაქეებმა გამოხატეს კლუბის მიმართ. ვიაზრებთ იმასაც, რომ ეს ღამე საქართველოს ისტორიისთვის უმძიმეს დროს, აგვისტოს ომის 10 წლისთავის დღეებში დაანონსდა, რამაც ცხადია გაამძაფრა მოქალაქეთა გულისტკენა.

გულწრფელი საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით ჩვენმა გუნდმა მიიღო ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება, იმ ღონისძიების, რომელიც უნდობლობის გამო ანგარიშსწორებისა და დაპირისპირების იარაღად იქცა,” – წერია კლუბის განცხადებაში.

გავრცელებულ განცხადებაში კლუბი ხაზს უსვამს, რომ მოსკოვში დაგეგმილი ღონისძიება არ იყო ჩაფიქრებული როგორც რიგითი მუსიკალური გასართობი ღამე, არამედ, მას პოლიტიკური დანიშნულება ჰქონდა. მათივე თქმით, ფესტივალის ორგანიზატორები, თავად არაერთხელ ყოფილან რუსეთისა და პუტინის რეპრესიული რეჟიმის მსხვერპლი. როგორც კლუბი აცხადებს, “მოსკოვში არაერთი კლუბი დახურეს ზუსტად იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც სცადა BASSIANI-ის დახურვა ჩვენმა ხელისუფლებამ”.

“მიგვაჩნია, რომ ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება არის არა უკან დახევა ან ეჭვის შეტანა საკუთარი ქმედების ლეგიტიმურობაში, არამედ საპროტესტო ფორმის ცვლილება. ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ფესტივალში მონაწილეობითაც და მისი გაუქმებითაც იყო, არის და იქნება საერთაშორისო სცენაზე ჩვენი პროტესტისა და სათქმელის გატანა,” – წერს Bassiani.

კლუბ Bassiani-ის რეზიდენტებს 14-15 სექტემბერს მოსკოვში, Red Bull-ის მუსიკალური ფესიტვალის ფარგლებში უნდა დაეკრათ. ამის შესახებ განცხადება ფესტივალის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა.

ინფორმაციის გავრცელებისავე კლუბის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. ნეტგაზეთმა ჩაწერა კლუბის თანადამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი, რომელმაც განმარტა, რომ როგორც თავად Bassiani, ასევე ფესტივალის ორგანიზატორები პუტინის რეპრესიულ პოლიტიკას სრულად ემიჯნებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი