დეა გოშხეთელიანი: მაქვს შიში, რომ ჩემი უსაფრთხოება რისკის ქვეშ დადგება

დეა გოშხეთელიანის დაკითხვა ქუთაისის სასამართლომ უკვე მეოთხედ გადადო. გოშხეთელიანის ყოფილ ქმარს, გრიგოლ ბაკურაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა 2018 წლის ოქტომბერში ეწურება. დეა გოშხეთელიანი მიიჩნევს, რომ საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგას.

დეა გოშხეთელიანის ყოფილი ქმარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  გრიგოლ ბაკურაძეს ბრალი ორ მუხლით აქვს წარდგენილი – 126-ე, ძალადობის მუხლით და 126-ე პრიმა, ოჯახში ძალადობის მუხლით, რომელიც მისივე ოჯახის წევრი არასრულწლოვნის თანდასწრებითაა ჩადენილი.

დეა გოშხეთელიანი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ მისი დაკითხვა სასამართლომ უკვე მეოთხედ გადადო. გოშხეთელიანის თქმით, გრიგოლ ბაკურაძემ რამდენჯერმე მოთხოვა ადვოკატის აცილება, შემდეგ აცილებული ადვოკატები დაიბრუნა და ყოველ ჯერზე ადვოკატები საქმის გასაცნობად დროს ითხოვენ. სწორედ ამ მიზეზით ხდება სასამართლო პროცესზე გოშხეთელიანის დაკითხვის გადადება.

გრიგოლ ბაკურაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა 12 ოქტომბერს ეწურება. თუ სასამართლო ამ დრომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ამის შემდეგ ბრალდებულმა საპატიმრო დაწესებულება უნდა დატოვოს, სასამართლო პროცესები კი მისი თავისუფლებაზე ყოფნის პირობებში უნდა გაგრძელდეს. დეა გოშხეთელიანი მიიჩნევს, რომ ეს საფრთხის შემცვლელია მისთვის რამდენიმე მიზეზით. პირველ რიგში, გოშხეთელიანია ხაზს უსვამს მოწმეებზე ზეგავლენის შესაძლებლობას, ასევე მისი და მისი ოჯახის წევრების ფიზიკური უსაფრთხოების დაუცველობის შესაძლებლობას და ბავშვით მანიპულირების მცდელობას.

საქმეს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე განიხილავს, სწორედ ეს მოსამართლე იღებს გოშხეთელიანის დაკითხვის გადადების გადაწყვეტილებას. მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ თავდაპირველად წარდგენილ ბრალში გრიგოლ ბაკურაძე არა პატიმრობა, არამედ 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მოგვიანებით, გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ, მურთაზ კაპანაძის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ პატიმრობით შეცვალა.

“სამწუხაროდ ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ რითაც ჩემი ყოფილი მამამთილი, ხონის ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორი, გოჩა ბაკურაძე და მისი შვილი (ჩემი ყოფილი მეუღლე) გრიგოლ ბაკურაძე მემუქრებოდნენ – “მყავს გავლენიანი მეგობრები ქუთაისის სასამართლო სისტემაში და იმდენს გაწვალებ და გარბებინებ დაინახავ, მინიმალური სასჯელითაც გამოვძვრებით და ვერც შენი პოლიციაში დარეკვა ვერ გიშველისო.” – ნამდვილად სრულდება.

მაქვს ძალიან დიდი შიში , რომ გავა 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა, ისინი გაიტანენ თავისას და შემდგომ მოხდება უდიდესი ზეწოლა ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე. ასევე მაქვს ძალიან დიდი შიში, რომ ჩვენი უსაფრთხოებაც ამის შემდგომ საფრთხის ქვეშ დადგება”- ამბობს გოშხეთელიანი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com