ახალი ამბები

ძლიერი ნალექი აჭარასა და სამეგრელოში – დატბორილია სახლები და გზები

10 აგვისტო, 2018 • 3125
ძლიერი ნალექი აჭარასა და სამეგრელოში – დატბორილია სახლები და გზები

აჭარასა და სამეგრელოში ძლიერი ნალექის შედეგად რამდენიმე მუნიციპალიტეტში სახლები დაიტბორა. როგორც საგანგებო სიცუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დაიტბორა ქობულეთიც.

წყალი საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და პირველ სართულებზე შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ქობულეთში სამსახურმა 30 შეტყობინება მიიღო და ამ წუთებში  მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აღმაშენებლის, სოხუმისა და თხილაიშვილის ქუჩებზე აწარმოებენ.

როგორც “ნეტგაზეთს” ქობულეთის მერიაში განუცხადეს, ქალაქში სტიქიის შედეგად 12 ოჯახი დაზარალდა, თუმცა ზარალი მძიმე არაა.

გარდა სახლებისა, დატბორილია ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელი გზის ჩაქვის მონაკვეთი და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გართულებულია.

10.08.18 ფოტო გადაღებულია ჩაქვში

10.08.18 ფოტო გადაღებულია ჩაქვში

წვიმის შედეგად დატბორილია ჩაქვიც, მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ წვიმამ 9 ოჯახი დატბორა და ამ წუთებში ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ძლიერი ნალექის შედეგად ბათუმში ათობით ქუჩა დაიტბორა, წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებშიც.

ძლიერი ნალექის შედეგად ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა, თუმცა მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიის შედეგად არავინ დაშაებულა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა წყალდიდობის გამო, ამ დროისთვის [11:25 სთ.] შეფერხებულია.

სამეგრელო ზემო სვანეთის მთელ რეგიონში ამ დრომდე ძლიერი წვიმაა. დატბორილია ზუგდიდი, სენაკი, ანაშა, ფოთი, ხობი მარტვილი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, კალაპოტიდან გადმოვიდა მიდნარეებიც, თუმცა მოსახლეობის უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი