ახალი ამბები

თურქული ლირა რეკორდულად უფასურდება

10 აგვისტო, 2018 • 9823
თურქული ლირა რეკორდულად უფასურდება

თურქული ლირის სწრაფი გაუფასურება გრძელდება. “ბლუმბერგის” ცნობით, მხოლოდ დღეს, პარასკევს, თურქეთის ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან 13.5%-ით გაუფასურდა, რითაც ახალი რეკორდი მოხსნა. ამ დროისთვის, 1 აშშ დოლარის ღირებულება 5.90-6.00 ლირას შორის მერყეობს.

ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციისა და სხვა ეკონომიკური პრობლემების ფონზე, თურქული ლირის მდგომარეობა აქამდეც კრიტიკული იყო, თუმცა აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობის დაძაბვამ ვალუტას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. თურქეთში რამდენიმე ამერიკელის, მათ შორის, სასულიერო პირის დაკავების გამო ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, გაუფასურების ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

პარტნიორებმა ჩიხიდან გამოსვლა გუშინ, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე სცადეს, სადაც თურქეთის ოფიციალური პირები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, რამაც ლირის მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.

პროცესების საპასუხოდ, თურქეთის ფინანსთა მინისტრმა ახალი ეკონომიკური მოდელის წარდგენა დააანონსა. ბერათ ალბაირაქის თქმით, მოდელი 2019 წელს 3-4%-იანი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებასა და ინფლაციის შემცირებას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის(თბილისის დროით 11:15) 1 ლირა 43 თეთრი ღირს.


http://batumelebi.netgazeti.ge/news/150797/

მასალების გადაბეჭდვის წესი