Interviewsახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

მე თუ გავჩუმდები, მომერევიან

10 აგვისტო, 2018 • 5071
მე თუ გავჩუმდები, მომერევიან

ინტერვიუ თავდაპირველად ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.


ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ახალგორში, საქართველოს არაკონტროლირებად რეგიონში ცხოვრობს. ერთი წლის წინ მის წინააღმდეგ ადგილობრივმა დე ფაქტო ხელისუფლებამ სისხლის სამართლის ორი საქმე – ცილისწამება მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” მიმართ და ყალბი საბუთების დამზადება-გამოყენება – აღძრა. ინტერვიუში ის ჰყვება, როგორია მისი ცხოვრების ბოლო ერთი წელი გადაადგილებისა და ჩამორთმეული დოკუმენტების გარეშე.

16 აგვისტოს ერთი წელი სრულდება, რაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცველმა ორგანოებმა დაგაკავეს, საბუთები და პირადი ნივთები ჩამოგართვეს და თქვენ მიმართ პირველი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. მოგვიყევით, როგორი იყო ეს ერთი წელი გადაადგილების გარეშე, როგორ ცხოვრობთ და როგორ მიმდინარეობს ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებთან ურთიერთობა?

დიახ, დღეები დარჩა და ერთი წელი შესრულდება, რაც დამაკავეს. იმავე დღეს აღიძრა ჩემს წინააღმდეგ პირველი სისხლის სამართლის საქმე. როგორ გავიდა ეს ერთი წელი? დღეს ვიტყვი, რომ სწრაფად. თუმცა, თვეები წუთებად გადიოდა ნელა, ზლაზვნით. ასე მეჩვენებოდა ყოველთვის, როცა პროკურატურის მხრიდან იყო დუმილი, როცა არაფერი ხდებოდა. მერე დავიწყე სხვადასხვა ინსტანციებში საჩივრებით მიმართვა და ცოტა გამოცოცხლდა სიტუაცია, ცოტა აჩქარდა დრო.  პასუხების მოლოდინში კი – ჩერდებოდა. ასეა სულ, დროის მოძრაობა ჩემს აქტივობაზეა დამოკიდებული…

აქტიური ადამიანი ვარ, სულ ვმოძრაობ და როცა თავისუფლად გადავაადგილდებოდი, რამდენჯერმე ვიფიქრე, ჰო შეიძლება დამაპატიმრონ როდესმე და როგორ გავჩერდები? არ მიფიქრია არასდროს, რომ ვერ გავძლებდი. ზოგადად, ვცდილობ სხვა შემთხვევაშიც – მივიღო ის და ისე, რისი შეცვლაც ჩემზე არაა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში, გარდა სამართლებრივ დავაში შესვლისა, მე სხვა გამოსავალი არ მაქვს და ვფიქრობ ასე მივაღწიო „თავისუფლებას“.

თავისუფლად გადაადგილების უფლება რომ მომცენ, ვიდრე ყველაფერი არ დასრულდება, მაინც არ გამოვიყენებ ამ საშუალებას, რადგან ვიცი, ნათესავები, ახლობლები, მეგობრები (დიდი ნაწილი) შეეცდებიან ჩემს მიმართ სიბრალული გამოხატონ, გამკიცხონ ჩემი თავის თუ არა, ოჯახის წევრების გამო მაინც, ნაწილი აღფრთოვანებული იქნება ჩემით. მე მინდა დასრულებული სასამართლოს მერე მოხდეს ჩემი შეხვედრა ყველასთან ვინც მენატრება, ვისი გაცნობაც მინდა ამ ერთი წლის პერიოდში.

ხშირად და ბევრს არ ვფიქრობდი რა ბრძოლაში ვიყავი ან ბრძოლის რა ვარიანტები უნდა დამეშვა. როცა ვფიქრობდი, საკუთარ თავს ვერ ვუძლებდი, მაგრამ მაშინაც მიწევდა სიმშვიდის შენარჩუნება დედაჩემთან, მამაჩემთან. არ მახსოვს, დაპატიმრებიდან მერამდენე თვეს გავედი ბინიდან, მაგრამ მახსოვს, ეს ჩემი მეგობრის მოთხოვნით გავაკეთე – „ჩაიცვამ ახლა ლამაზად, მოიპრანჭები, გამოივლი ცენტრალურ ქუჩებს და მოხვალ ჩემთან სამსახურში“ და მეც გავედი.

ამის მერე იყო ჩემი ურთიერთობა პროკურტურაში ადვოკატის თანხლებით. პირველივე შეხვედრისას, რომელსაც ადვოკატი ესწრებოდა, მივხვდი, რომ არც ისეთი გულადები ყოფილან გამომძიებლები, როგორც 16 აგვისტოს ღამეს, როცა მემუქრებოდნენ „ჯერ არ იცი, რა გელოდება წინ“, „სიცოცხლეს ცუდად დაამთავრებ“, მეტიც, ადვოკატს მარტივ კითხვებზეც კი ვერ პასუხობდნენ.

ადვოკატთან ერთად აღარ გაუპროტესტებიათ ის, რომ დაკითხვაზე თან მქონდა მობილური ტელეფონი, მზის სათვალე, პატარა ხელჩანთა. ამ ნივთების თან ქონის უფლება სხვა შეხვედრებისას “კანონზე დაყრდნობით” ამიკრძალეს.

ყველა ურთიერთობა პროკურატურასთან იყო უსიამოვნო, თუმცა გამოცდილება მივიღე, რომელსაც სასამართლო სხდომებზე გამოვიყენებ.

აქვე, კიდევ ერთხელ მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთი წლის განმავლობაში მამხნევებდა, თუნდაც ფინანსურად, თუნდაც პირადი მიმოწერებით. იყო არაერთი საჩუქარი – კოსმეტიკიდან დაწყებული, ხელსაქმისათვის საჭირო მასალებით დამთავრებული, ტანსაცმელი, საკვები, ადვოკატის მომსახურების საფასური და ზოგადად პატარ-პატარა მესიჯები, რომელსაც ყოველდღე ვიღებ. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ მე თქვენთან ერთად გავიარე ეს ერთი წელი.

თქვენც და საზოგადოების დიდი ნაწილი, ვინც გიცნობთ, მიიჩნევთ, რომ თქვენი დაკავების რეალური მიზეზი ის აქტივისტური საქმიანობაა, რასაც წლებია, ეწევით. ფაქტიურად, თქვენ ერთადერთი უშუალო საინფორმაციო წყარო ხართ ცხინვალის კონტროლის ქვეშ არსებული ახალგორიდან. ახლა თქვენ მიმართ, როდესაც სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, მაინც არ ერიდებით ინფორმაციის გავრცელებას ანდა ადგილობრივი მოხელეების ღია კრიტიკას. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად დაგაზარალებთ?

კი, ასეა, ნამდვილად. ოსურ საზოგადოებაში თითქმის არავის სჯერა იმ ბრალდებების, რასაც პროკურატურა მიყენებს და მიიჩნევენ, რომ მსჯიან იმ პრობლემების გახმოვანებისთვის, რაც ჩვენს რაიონშია. ამის გამო ვიცი, რომ ხელისუფლებას ექმნება დისკომფორტი. ჩვენს რაიონში არიან ადამიანები, რომლებიც არ ერიდებიან ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკას შეხვედრებისას, სამსახურში, მაგრამ მათ არ იცნობს ფართო საზოგადოება, მათი კრიტიკა არ ისმის და ხელისუფლებას არ აქვს პრობლემა. თუმცა, კრიტიკაც არაა ხშირი.

დაპატიმრების მომენტში ჩემდაუნებურად ვფიქრობდი – როდის ვიქნებოდი ტელეფონთან, რომ მომეყოლა ჟურნალისტებისთვის როგორ დამაკავეს… და როგორც კი ბინაში ჩხრეკა დასრულდა, მაშინვე დავიწყე კომენტარების მიცემა მედიისთვის. ყოველთვის ასე ვთვლი მართებულად. დღეს მომხდარ ფაქტზე ვილაპარაკო დღესვე.

როგორც კი დავიწყე საუბარი, დაიწყო რეაქციაც – პროკურატურა, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, ასევე ჩემი საქმის გამომძიებელი.

მე თუ გავჩუმდები, მომერევიან. მათაც ხომ ეს უნდათ – მე ვიყო „ჩემთვის წყნარად“. რატომ არ ვარ ჩუმად? რა პრობლემებზეც ვსაუბრობ, ყოველთვის პირადად მე არ მეხება, მაგრამ ჩემს მშობლებს, ახლობლებს ეხება, უცხოებს, მაგრამ რადგან ვხედავ და ვგრძნობ, ადგილზე როგორი რეაქციაა ჩემს ხმაურზე, გაჩერების უფლება არ მაქვს.

ჩემს გარშემო იცვლება გარემო და ეს არის სტიმული ჩემთვის. ყოფილა ჩემს ცხოვრებაში მომენტები, როცა მშვიდი, ხელგაშლილი, დაფასებული ცხოვრება შემოუთავაზებიათ დუმილის ფასად და ყველას ვპასუხობ, რომ არ გამომივა. ვიქნები ჩუმად და შეიძლება შეგაქოთ კიდეც, თუ ნაკლებ პრობლემას შეგვიქმნით და თანასწორებად მიგვიღებთ-თქო.

10 წელია ცხინვალმა (ხელისუფლებამაც, საზოგადოების ნაწილმაც) მშობლიურად ვერ მიგვიღო. არაფერში ენდობიან ადგილობრივებს. როცა საუბარია ჩვენზე, მეხუთე კოლონად მოგვიხსენიებენ. სულ აფიქსირებენ, რომ საჭიროა დაიკეტოს გამშვები პუნქტი და დროა, ავირჩიოთ და გავერკვეთ, სად გვინდა ცხოვრება. მე ასეთი არჩევანი მათი რჩევის გარეშე გავაკეთე, მაგრამ არა ისე, რომ მათ მიმითითონ, როგორ ვიცხოვრო, რისი უფლება მაქვს და რისი არა. მე მინდა ღირსეული ცხოვრების უფლება. იმის მიუხედავად, რომ ჩემს სამოქალაქო აქტივიზმს მოაქვს ბევრი დარდი და პრობლემა, ვთვლი, რომ ღირსეულად ვცხოვრობ.

უშვებთ თუ არა იმას, რომ უსაფრთხოების მიზნით, ახალგორის დატოვება ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა თქვენთვის?

ამ კითხვაზე ჩემი პასუხია – არა. პირველი – ის, რომ ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, ეს ხელისუფლების “ადექვატური” რეაქცია იყო ჩემს დასაშინებლად, და ვფიქრობ, ამის შემდეგ უფრო დაცული ვიქნები, ვიდრე დაშინებული. მეორე – ძალიან ძალიან მიყვარს ჩემი რაიონი და ჩემი სახლი, სხვაგან არც წარმომიდგენია ცხოვრება. და ბოლოს, ბევრი ადამიანი მეხმარება და მითანაგრძნობს ცხინვალიდანაც, მეგობრები, რომლებიც ომის შემდეგ შევიძინე, ეს ყველაფერი მხნეობას და შემართებას მაძლევს, რომ აქ დავრჩე.

როგორი იყო თქვენი ცხოვრება 2008 წლის ომამდე და რა შეიცვალა ომის შემდეგ?

ომამდე ახალგორში მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელი ვიყავი. სამსახური მიყვარდა ძალიან, ჩემი საქმე და ის ბავშვები, ვისაც ვემსახურებოდი. აქტიური მაშინაც ვიყავი, მაშინ შეიძლება, უფრო ვერ ვაფასებდი ჩემს აქტივობას და შესაძლებლობებს. უშუალოდ რაიონის ხელმძღვანელობა არასოდეს არ მთავაზობდა პარტიულ ან რესპუბლიკურ შეხვედრებზე დასწრებას, სადაც ხელმძღვანელები და ადგილობრივები სპეციალური ავტობუსებით მიყავდათ,  ფიქრობდნენ რომ შეიძლება იქ ვერ გავეკონტროლებინე, ანუ მხოლოდ ტაშის დაკვრით არ შემოვფარგლულიყავი. თუმცა, მაშინ არც ისეთი აქტიური ვიყავი, რომ მათ ჩემი შევიწროება დაეწყოთ, მაგრამ სულ მქონდა იმისი მოლოდინი და განცდა, რომ ხელმძღვანელობა სამსახურიდან გამიშვებდა.

პირველი დევნა ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ გამომიცხადა, როცა 2009 წლის ივნისსში გამიშვეს სამსახურიდან გაუფრთხილებლად, გაშვების მიზეზად კი ოფიციალურად დასახელდა მიზეზი, რომ თითქოს მე არ ვესწრებოდი წეროვანის დევნილთა დასახლებაში გამართულ სამსახურეობრივ თათბირებს. ეს იმდენად აბსურდული იყო, რომ სასამართლოსთვის მიმართვის შემდეგ პირველივე სხდომის შემდეგ მოსამართლემ მორიგებით დაასრულა სხდომა და სამსახურში აღმადგნეს. თუმცა, ერთი წლის შემდეგ კვლავ გამათავისუფლეს სამსახურიდან ისევ იგივე მიზეზით. იმჯერად უკვე ერთწლიანი სასამართლო პროცესები გაიმართა ჩვენს შორის.

ორივე გათავისუფლება იდენტური იყო – მიზეზიც, ფორმებიც, თუმცა მეორე შემთხვევაში სასამართლო აღარ დადგა ჩემს მხარეს და უმუშევარი დავრჩი.

ომამდე ჩემი ცხოვრება იყო უფრო ლაღი. ჩემი კლასელები, მეგობრები აქ ცხოვრობდნენ, ნათესავებს შეეძლოთ თავისუფლად ჩამოსვლა, ჩვენ შეგვეძლო გადაადგილება ნებისმიერ დროს. ახლა, მაგალითად,  შესაძლოა ნათესავთან სხვა სოფელში სტუმრობა საეჭვოდ მიიჩნიონ. რაც ასე გავაქტიურდი, არც ვყოფილვარ ნათესავებთან, რომლებიც რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სოფელში ცხოვრობენ, სადაც არც გზაა კარგი, არც მობილური კავშირია. ამის გამოც ვარიდებ იქ წასვლას თავს.

მხოლოდ ჩემს თავზე რომ არ ვიდარდო, ასეთივე აქტიური ცხოვრება ჰქონდა ჩემს შვილსაც. 2009 წლისთვისი მისი კლასელები აქ აღარ დარჩნენ. ბუნებრივია, გაუჭირდა, ჰქონდა მონატრება კლასელების, იმ ურთიერთობების მიმართ, რაც აკავშირებდა. დღესაც კი მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი დაამთავრა, ვფიქრობ, 10 წელი გამოჰყვა ეს სევდა, სიჩუმე და სტრესული ფონი.

რა არის ახალგორში დღეს ყველაზე დიდი პრობლემა ადგილობრივი მოსახლეობისთვის?

ათი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი პრობლემაა უუფლებობა. ადამიანებმა არ იციან, რომ მათ აქვთ უფლებები. ნებისმიერი პატარა უკმაყოფილების შემთხვევაში, უთითებენ თბილისისკენ და ეუბნებიან, რომ შეუძლიათ წავიდნენ და აღარ დაბრუნდნენ. ადამიანებმა არ იციან კანონი, ეს სიტყვაც კი დავიწყებული აქვთ და ცხოვრობენ დღევანდელი დღით, მომავლის გეგმებს არ აწყობენ.

დიდი პრობლემაა ასევე მოქალაქეობა. მაგალითად, მე რომ მოქალაქეობა არ მქონოდა, შეიძლება საქმე არც აღეძრათ და პირდაპირ გაეკეთებინათ დეპორტაცია. ადგილობრივებს, იქიდან გამომდინარე, რომ არ აქვთ მოქალაქეობა, უჭირთ მიმართონ სასამართლოს, არ აქვთ საცხოვრებლები რეგისტრირებული, არ შეუძლიათ მიიღონ სოციალური დახმარებები და პირდაპირ ეუბნებიან, რომ ისინი აქ არავინ არ არიან. სოციალური პრობლემები არის თავისთავად – უწყლობა, უგაზობა, უგზოობა, ასევე განვითარების დაბალი დონე.

დიდი პრობლემაა ის რომ, ძველი მაცხოვრებლები თვლიან, რომ მათ არ უნდა მიიღონ რაიონის მართვაში მონაწილეობა, მაგალითად იყვნენ დეპუტატად არჩეული და თავად ისაუბრონ პრობლემებზე, რაც გვაკლია, ჩვენ შევივსოთ ის ყველაფერი.

სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების გარდა, სოციალურ ქსელში თქვენი კრიტიკის ობიექტები ხშირად არიან ასევე საქართველოს ხელისუფლების წევრები? ყველაზე მეტად რა იწვევს თქვენს გულის ტკივილს და როგორ შეაფასებდით ზოგადად მათ პოლიტიკას სამშვიდობო პროცესებში?

საქართველოს ხელისუფლების მიმართაც არ ვიშურებ კრიტიკას. მათი პოლიტიკა ასეთია – თუ ვიღაც არ მოკლეს, საქართველოს ხელისუფლება თითქმის არ საუბრობს კონფლიქტებზე, სატელევიზიო ეთერიდან მთლიანადაა გამქრალი ეს თემა და მხოლოდ იმ შემთხვევაშია ეს ყველაფერი აქტუალური თუ რაღაც ცუდი ხდება. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებაც ჩუმადაა.

ვიტყვი, რომ იგრძნობა არაკომპეტენტურობა, მათი განცხადებები ხშირად ტრაფარეტულია, რაც ჩემს გაღიზიანებას იწვევს. წლებია მესმის, რომ საკუთარ ნაბიჯებზე ღიად ვერ ისაუბრებენ, თუმცა გაკეთებულ საქმეებს ვერ ვხედავ და ვფიქრობ, რომ ისინი უბრალოდ ამ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე მანიპულირებენ ხალხითაც და შეიძლება შიგნით, მთავრობაშიც.

ამას ხშირად ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენს უფლებებს საქართველოს ხელისუფლებაც არღვევს. ხშირად მესმის, რომ ვერ მეხმარებიან იმის გამო, რომ მათი იურისდიქცია აქ არ ვრცელდება, მაგრამ არის საკითხები რომლებითაც ადგილობრივები მიმართავენ მათ, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გადაჭრილიყო, თუმცა, მათი ყურადღება ვერ დაიმსახურეს და პრობლემა პრობლემად დარჩა.

საქართველოს ხელისუფლება ჩემს კრიტიკას პასუხობს ჭორების გავრცელებით, ცდილობს ჩემს მარგინალიზაციას და მიანიშნებენ, რომ ყველა პრობლემა, რაც ჩემს თავს ხდება, ეს არის დადგმული, და ამ ყველაფერს მე ვიღაცეებთან ერთად ვთამაშობ.

საინტერესოა თქვენი, როგორც ქალის გამოცდილება ამ პროცესებში. რა სირთულეების გადატანა გიწევთ და როგორც ქალისთვის, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

მე როგორც ქალი, ერთის მხრივ, ვგრძნობ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების სითამამე არის ზუსტად ჩემი სქესიდან გამომდინარე, რომ მე ვარ მარტოხელა ქალი, ჩემს გვერდით არ დგანან ძლიერი მამაკაცები – ქმარი ან მეგობარი მამაკაცი. მამაჩემიც არ არის ისეთი ძლიერი, როგორ სიძლიერესაც აქ ანგარიშს უწევენ.

ხშირად უსვამენ ხაზს, რომ მე ქალი ვარ და რა უფლება მაქვს ამ საკითხებზე ვისაუბრო; რომ არ მესმის, როგორ უნდა იყოს რაიონი მოწყობილი.

აქ ქალი მეორე ხარისხოვანია, მაგალითად, ცხინვალში, ქორწილებში და ქელეხებში, მამაკაცები და ქალები ძირითადად ერთად არც სხედან. ქალი, თუნდაც ცოლის რანგში, რომელიმე საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლის ან პოლიტიკოსის გვერდში მდგომადაც არ დამინახავს.

“პირველი ლედის” შესახებ ვიგებ ხოლმე 8 მარტს, როცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ულოცავს მისი კოლეგის მეუღლეს ამ დღესასწაულს. როდესაც პრეზიდენტ ბიბილოვს კითხვა დაუსვეს, რატომ არ არის მისი მეუღლე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული, მან უპასუხა, რომ მას ბევრი საქმე აქვს, მათ არასრულწლოვანი შვილი ყავთ, რომელიც წრეებზე დადის, სადაც დედა უნდა გაყვეს. ეს პირდაპირი მინიშნება იყო, რომ ქალის საქმე შვილების გაზრდაა და არანაირი აქტივობაში არ უნდა ჩაერთოს.

ერთადერთხელ მახსოვს ასეთი შემთხვევა ინაუგურაციისას, მაშინაც სტუმრები იყვნენ ჩამოსულები რუსეთიდან და სხვადასხვა რესპუბლიკებიდან, რომელთაც ცოლები ახლდათ თან და ალბათ, ამიტომ გამოჩნდა ისიც საზოგადოების წინაშე.

თუმცა არის მომენტები, როცა ვფიქრობ, გამიმართლა, რომ ქალი ვარ. როცა მაპატიმრებდნენ, როცა პროკურატურაში მიძახებენ ან როდესაც სამართალდამცველ სტრუქტურებთან ურთიერთობა მიწევს, ხშირად იმეორებენ, ქალი რომ არ ვიყო, ვნახავდი, რასაც მიზამდნენ, დამამტვრევდნენ ძვლებში, ეს ცოტა ხუმრობით, მაგრამ რადგან ქალი ვარ, ფიზიკურ ძალადობას არ მიმართავენ ჩემს წინააღმდეგ და ალბათ, თავისუფალი რომ ვარ ჯერჯერობით და პირდაპირ ციხეში არ ჩამსვეს, ესეც ამის დამსახურებაა.

ზოგადად რომ ვაკვირდები, აქ ძირითადი ძალა მაინც ქალები არიან და როგორც ცოტა ადრე ვთქვი, მათი ხმა სამწუხაროდ არ ისმის ისე, როგორც ჩემი.

მასალების გადაბეჭდვის წესი