ახალი ამბები

უნდა გამოვიყენოთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის ეს შანსი – ჩიხრაძე

9 აგვისტო, 2018 • 2112
უნდა გამოვიყენოთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის ეს შანსი – ჩიხრაძე

პრეზიდენტის მრჩევლები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის საკითხზე დღეს, 9 აგვისტოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მორიგი კონსულტაცია უახლოეს პერიოდში შედგება და საუბარი უკვე კონკრეტულ კანდიდატებს შეეხება.

“კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით ჯერ კონტურები არ გამოკვეთილა, მაგრამ ძალიან საინტერესო დიალოგი იყო. უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის ეს შანსი, რომელიც დღეს არის გაჩენილი, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ეს გამოწვევაც არის თითოეული ჩვენგანისთვის, რომ შევარჩიოთ და პარლამენტის მხარდაჭერა მივიღოთ ისეთ კანდიდატზე, რომელიც ამ ჩიხურ სიტუაციაში სასამართლო სისტემაში პროცესის გაჯანსაღების იმედს გააჩენს ” – ამბობს პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე.

პრეზიდენტის მრჩევლები უკვე შეხვდნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. კონსულტაციები მომავალ კვირაში ადვოკატთა ასოციაციასთან, სახალხო დამცველთან, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებით გაგრძელდება.

დღეს შეხვედრას ესწრებოდნენ კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრები. 

2 აგვისტოს ნინო გვენეტაძე გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა. მისი განცხადებით, სასამართლო სისტემას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს, რადგან საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობა ესაჭიროება.

ნინო გვენეტაძე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაასახელა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად და პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს დაამტკიცა. იგი სასამართლოს, დაახლოებით, 3.5 წელი ხელმძღვანელობდა.

უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის დანიშვნის წესს საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს. მოქმედი კონსტიტუცია ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პარლამენტს პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, ხოლო პარლამენტი კანდიდატურას საბოლოოდ ამტკიცებს. ამჟამინდელი კონსტიტუციით, პრეზიდენტს ალტერნატივა არ აქვს, მხოლოდ მას შეუძლია დაასახელოს სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.

გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო ვადა ოქტომბრის ბოლოს ეწურება, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ახალი პრეზიდენტის არჩევიდან ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია, რომლის თანხმადაც, პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში აღარ მონაწილეობს. ახალი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს წევრი და ის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარუდგინოს პარლამენტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი