ახალი ამბები

“რა დამავიწყებს… ვერაფერს კურნავს დრო” – ომგამოვლილები 10 წლის შემდეგ

9 აგვისტო, 2018 • 4046
“რა დამავიწყებს… ვერაფერს კურნავს დრო” – ომგამოვლილები 10 წლის შემდეგ

2008 წლის რუსული აგრესიიდან 10 წლისთავზე, აგვისტოს ომი უამრავი ადამიანის ისტორიათა ნაკრებს წარმოადგენს. თითოეულ მათგანს ომთან საკუთარი, უნიკალური მოგონებები აკავშირებს, რომლებიც მშრალი სტატისტიკის ფონზე ნაკლებად ჩანს. ჟურნალმა “ინდიგომ” ათეულობით მათგანს მოუსმინა და ნაომარი ადამიანების ამბები პროექტში “080808” გააერთიანა, რომლის პრეზენტაცია 8 აგვისტოს სოფელ ერგნეთში, ადგილობრივი მცხოვრების, ლია ჩლაჩიძის მიერ მოწყობილ ომის მუზეუმში შედგა.

ხელახლა აშენებულ და დასახლებულ სოფელში, საიდანაც ოკუპირებული ცხინვალიც მოჩანს, ადამიანებს, ერთი შეხედვით, შორეული აგვისტოს ამბების ცივი გონებით გახსენება ახლაც უმძიმთ. ომი მათთვის არა რიცხვებისა და მშრალი ფაქტების სტატისტიკა, არამედ ნაწილია ცხოვრებისა, რომელიც ხუთმა დღემ მნიშვნელოვნად შეცვალა.

ომის მუზეუმი მშვიდობისთვის – ლია ჩლაჩიძის ხელახლა დაწყებული ცხოვრება

ერგნეთის მკვიდრ ლია ჩლაჩიძისთვის ომი 8 აგვისტოს არ დაწყებულა. ახლაც ახსოვს, როგორ დაირღვა ადგილობრივთა სიმშვიდე ცალკეული, ტრაგიკული ინციდენტებით, რაც საბოლოოდ, სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდა.

“…მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა სროლები, დაბომბვები,  იყო პროვოკაციები… მინდორში პაპასთან ერთად ააფეთქეს 14 წლის ბიჭი, რომლის სხეული ნაფლეთებად დაიშალა. საშუალო სკოლასთან, ჩვენთან, ერგნეთში, იყო დანაღმული ადგილი, სადაც თავისუფლად შეიძლებოდა, ბავშვები აფეთქებულიყვნენ”.

2008 წლის აგვისტოში ლია ჩლაჩიძე ეუთოს მიერ შექმნილ კომისიაში მუშაობდა და კონფლიქტის წინაპირობებზე აგვისტომდეც ფლობდა ცნობებს. მიიჩნევს, რომ აგვისტოს მეორე კვირას ადგილობრივ ოსებზე აღარაფერი იყო დამოკიდებული – პროცესის მართვის სადავეები ხელში მესამე ძალამ ჩაიგდო.

“ეს უკვე აღარ იყო დამოკიდებული ოსებზე, ეს იყო რუსების ავანტიურა. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება წამოეგო ამ ავანტიურას და მოხდა რუსეთ-საქართველოს ომი, სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც 5 დღე გაგრძელდა, მაგრამ მთლიანად გაგვანადგურა, როგორც მორალურად, ისე ეკონომიკურად და ფიზიკურად”, – ამბობს ის.

ლია ჩლაჩიძე

ერგნეთი 9 აგვისტოს, როგორც თავად ამბობს, სიცოცხლის გადასარჩენად დატოვა. რთულად წარმოიდგენდა, რომ 10 დღის შემდეგ, უკან დაბრუნებულს, ტყვიებისაგან ფანჯრებჩამსხვრეული, თუმცა მაინც მყარი სახლის ადგილზე ჩაფერფლილი კედლებიღა დახვდებოდა. სწორედ ასეთი სურათი იხილა, როცა 19 აგვისტოს ეზოს კარი შეაღო:

“…სახლის ადგილას აღარაფერი იყო. იდგა ცარიელი, დამწვარი კედლები და ნაცრით იყო ყველაფერი სავსე. ჩვენი სოფელი კასეტური ბომბებით იბომბებოდა, თუმცა ჩემი სახლი დაბომბილი არ იყო. აქ მოლოტოვის კოქტეილმა იმოქმედა. კასეტური ბომბი სადაც ჩამოვარდა, იქ თუნუქი მზესავით იყო დაჭრილი. აქ მსგავსი რამ არ შეგვხვედრია. ანუ, ვიღაცამ შეგნებულად დაწვა. და ვინ ვიღაცამ: დადიოდა სეპარატისტთა ჯგუფი, რომელიც წვავდა მხოლოდ ქართულ სახლებს, რათა აქ აღარასდროს დავბრუნებულიყავით”.

მომდევნო 1 წელი დევნილობაში გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში საცხოვრებელი ორჯერ შეიცვალა, თუმცა იცოდა, რომ ეს ეტაპი დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. ყველაფრის მიუხედავად, საკუთარ სოფელში დაბრუნება და ახალი ცხოვრების დაწყება სურდა. 1 წლის შემდეგ, როცა ეზოში 24 კვ.მ. კოტეჯი აუშენეს, ასეც მოიქცა და ცივ ზამთარში ერგნეთს დაუბრუნდა:

“იმ ზამთარს აი ამ უბანში, სადაც 59 სახლია, სულ 4 ოჯახი ვცხოვრობდით. მუხლამდე თოვლი იყო, წყალი არ გვქონდა, თოვლს ვადნობდით იმისთვის, რომ წყალი გვქონოდა. ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დავდექით და სულ მეკითხებოდნენ: ქალბატონო ლია, რა გინდათ, იქ რომ ხართ? ძალიან მწყინდა ეს ამბავი. შეიძლება, ადამიანს შეეკითხო, რატომ გიყვარს დედა? როგორ შეიძლება, გკითხონ, რა გინდა შენს სახლში?”

მთელი ერგნეთის მსგავსად, ლია ჩლაჩიძის სახლ-კარიც თავიდან მოშენდა. ომიდან 8 წლის შემდეგ, ჩაფერფლილი კედლები ახალმა სახლმა შეცვალა, კასეტური ბომბებისგან გაჩენილი ორმოები კი ფერადმა ყვავილებმა. ეზოში დროებითი კოტეჯიც უცვლელად დარჩა, როგორც გასული 8 წლის სიმბოლო. თუმცა, არის კიდევ ერთი რამ, რაზეც რამდენიმე წლის განმავლობაში ფიქრობდა, საბოლოოდ კი, სურვილი რეალობად აქცია: ომის მუზეუმი მშვიდობის მნიშვნელობის წარმოსაჩენად.

ლია ჩლაჩიძის ომის მუზეუმი. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ლია ჩლაჩიძის ომის მუზეუმი. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“სტიმული მომცა იმან, რომ ვიყავი პოლონეთში, ბალტიისპირეთში და იქ ვნახე, როგორ ქმნიან ადამიანები საკუთარ ისტორიას და იწყებენ სუფთა ფურცლიდან. იმდენად კარგად აქვთ გაკეთებული, რომ დავფიქრდი ძალიან სერიოზულად: ჩვენ, ამხელა ისტორიისა და მასალის მქონეებმა, რატომ არ უნდა გავაკეთოთ თუნდაც ჩვენი უახლესი ისტორიის აღმნიშვნელი ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, მოვიდნენ და ნახონ, რომ ეს არ იყო რაღაც წამიერი.

როცა ფეისბუქ გვერდი გავაკეთეთ, უამრავი ადამიანი მოდიოდა და მათაც მოჰქონდათ ნივთები, რაც ჰქონდათ შემორჩენილი. მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არ არის აგრესიის მუზეუმი. ესაა ის ადგილი, სადაც ადამიანმა უნდა ნახოს, რომ ომი არის უბედურება და მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ესაა მთელი ჩვენი სათქმელი”, – ამბობს ლია ჩლაჩიძე.

“ჩიტების ჭიკჭიკიც აღარ ისმოდა” – შეტევა გორზე მარიტა ჯამბრიშვილის თვალთახედვით

როდესაც ომის ამბების გახსენება ვთხოვეთ, მარიტა ჯამბრიშვილი სხვებთან ერთად “ინდიგოს” მიერ მომზადებული ისტორიების მოსასმენად ემზადებოდა. თუმცა, 10 წლის წინანდელი 8 აგვისტო მისთვის სრულიად განსხვავებულად გათენდა. ის, რომ რუსულმა აგრესიამ გორამდე, მის საცხოვრებლამდე მიაღწია, აფეთქების ხმამ აუწყა.

“იმდენად დავიბენი, ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო… მაგრამ, რომ გავიხედე სახლის აივნიდან, დავინახე შავი, დიდი კვამლი ადიოდა და აღარაფერი ჩანდა. საშინლება იყო ამის გახსენება, არ ვიცი… იმდენად შემზარავი სიტუაცია იყო, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა.

როდესაც მეორე მხარეს ჩამოვიხედე, ჩემი ქმრის ყვირილი გავიგონე, ჩქარა, სადარბაზოებს შეაფარეთ თავიო, რადგან ჩვენს თავზე გადაიარა თვითმფრინავმა, რომელმაც, ასე ვთქვათ, ჯერი გადაატარა კორპუსს. ყველა ცდილობდა, მიმალულიყო იმით, ვისაც რა ჰქონდა… მანქანებისკენ მირბოდნენ, ტყეს შევაფაროთ თავიო”.

მეზობლების მსგავსად, ატენის ტყეში ბევრი არაფერი წაუღია. ფიქრობდა, რომ საომარი მოქმედებები რამდენიმე საათში დასრულდებოდა და საცხოვრებელს დაუბრუნდებოდა თუმცა, ინტერნსიურმა სროლამ და სახლებიდან გამოქცეულთა ახალმა ნაკადებმა აზრი შეუცვალა. ასე გავიდა რამდენიმე დღე.

“ერთ-ორ დღეში, ხალხს უკვე აღარაფერი ჰქონდა, აღარც პროდუქტი… მამაოები შემოვიდნენ, ავტობუსებით საკვებს არიგებდნენ. ყელში ბურთი გამეჩხირა, მამაომ ძეხვი და პური რომ მომაწოდა – ეს თქვენს ოჯახს, რომ ამ დღეებში თავი გაიტანოთო. ახლაც მიჭირს გახსენება, რადგან მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერს უნდა დავმშვიდობებოდი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ სახლში დავბრუნდებოდი. სხვა დევნილების მდგომარეობაც მაშინ უფრო მტკივნეულად გავიაზრე”, – უყვება მარიტა ჯამბრიშვილი “ნეტგაზეთს”.

მარიტა ჯამბრიშვილი

მშობლიურ ქალაქს 12 აგვისტოს დაუბრუნდა და რამდენიმე დღის უნახავ შვილს შეხვდა, რომელიც მანამდე ბორჯომის რაიონში ისვენებდა. შედარებით უკეთ მომზადებულებმა, უსაფრთხოების მიზნით ქალაქი 10 დღით დატოვეს და დაბომბილ გორს მხოლოდ 22 აგვისტოს დაუბრუნდნენ. აღნიშნულ მომენტს ემოციის გარეშე 10 წლის შემდეგაც ვერ იხსენებს.

“ასეთი საშინელი ღამე მე არ მახსოვს. ჩიტის ჭიკჭიკი არ ისმოდა. ჭრიჭინა რომ ჭრიჭინაა, ისიც არ ჭრიჭინებდა. სამარისებური სიჩუმე იყო მთელ ქალაქში. ბნელოდა. მოსახლეობა კანტიკუნტად იყო, ადგილ-ადგილ. შემზარავი მდგომარეობა იყო – დაცლილი ქალაქი, ჩაბნელებული ქუჩები, თავისუფლად ვერ გადაადგილდებოდი… სხვა დროს რომ ქალაქში ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, ახლა ფოთლის შრიალი და მტკვრის დუდუნიც კი არ ისმოდა. ახლაც მიჭირს ამის გახსენება, მეტირება”.

ათმა წელმა ომის მეხსიერება სიმძიმისაგან ვერ გაათავისუფლა. ამას მარიტას პროფესიაც განაპირობებს – სოციალური მუშაკია და უამრავ დევნილთან აქვს ურთიერთობა, რომელთა ნაწილმა საკუთარ მიწაზე დაბრუნების იმედი უკვე დაკარგა, ნაწილს კი იმედი აქვს, რომ დადგება დღე, როცა იძულებით გადაადგილებულის სტატუსს საბოლოოდ დაემშვიდობებa:

“ბოლომდე არ სჯერათ, რომ დაბრუნდებიან. ახალგაზრდები უფრო მოტივირებულები არიან, მოხუცები – უფრო ხელჩაქნეულები. ღმერთმა ყველა დააბრუნოს თავიანთ სახლებში. იმდენად შემართებით იყვნენ ახალგაზრდები… ყველაზე მეტად რაც მესიამოვნა, ის იყო, რომ ამბობდნენ: არაუშავს, თავიდან დავიწყებთ. მესამედ და მეოთხედ რომ იწყებ თავიდან… არ ვიცი, ისინი გმირები არიან. ყველა ვერ შეძლებს ამას. შეიძლება, მეც ვერ შევძლო. ძნელია ცხოვრების თავიდან დაწყება. ეს ადამიანები აპირებენ ისევ თავის მიწაზე დაბრუნებას და ცხოვრების დაწყებას”.

“კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, არაფერი შეცვლილა” – გიორგი რომელაშვილი სოფელ დიციდან

“ინდიგოს” პრეზენტაციაზე მყოფ კიდევ ერთ ადგილობრივს, 33 წლის გიორგი რომელაშვილს “ნეტგაზეთთან” ბევრი არ უსაუბრია. ომის დეტალები მკაფიოდ არ ახსოვს თუმცა, რაც მეხსიერებაში შემორჩა, გახსენება უმძიმს.

საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას მშობლიური სოფელი არ დაუტოვებია. 8-დან 12 აგვისტომდე ომს დიციდან, საკუთარი სახლიდან აკვირდებოდა.

“ძალიან ნელაც არ დაწყებულა, ყველაფერი სწრაფად მოხდა. რა გითხრა…

ხალხი არეულ-დარეული იყო. ყველაფერი მკაფიოდ არ მახსოვს. მახსოვს დაბომბვები, ხალხის გაქცევა…

ჩემს სოფელში, დიცში ვიყავით. 12 აგვისტოს წავედით თბილისში, თუმცა რამდენიმე დღეში უკან დავბრუნდით და შემოგვიშვეს”.

გიორგი რომელაშვილი

საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ იცლებოდა სოფელი ხალხისაგან, სახლები კი – მოროდიორებისაგან:

“ის 5 დღე იყო სროლა, ხალხის დაცლა… შემოდიოდნენ მარადიორები, ოსები, სახლებში შედიოდნენ, რაღაცები მიჰქონდათ… ხალხს მანქანებს ართმევდნენ… რუსებმა დაგვინდეს, ნომრებსაც ტოვებდნენ, თუ რაღაცაა და შემოვიდნენ ოსები, დაგვირეკეთო”.

გარეთ ისე არ დავდიოდით. შიგნით ვისაც ჰქონდათ სახლები, იმათთან ვიყავით, ყველანი ერთად. ცოლ-შვილი თბილისში მყავდა და ორი დღე იქ ვიყავი, ორი დღე აქ და ასე…

ახლა კიდევ რაღაცნაირად ვარ თორემ, რომ დავჯდები ხოლმე და ვიხსენებ, რას ამბობ, იმას რა დამავიწყებს. არაფერს კურნავს დრო”.

მიიჩნევს, რომ ადამიანებს ომი უნდა ახსოვდეთ. ვინც არ მოსწრებია – უნდა ისწავლოს, რათა “იცოდნენ, ვინ რა გააკეთა, ვინ მტერია და ვინ – მოყვარე”. რაც შეეხება ურთიერთობას ორ ეთნოსს შორის, ომის შემდეგ: გიორგი ფიქრობს, რომ რუსულ აგრესიასა და მის მიერვე პროვოცირებულ დაპირისპირებას ქართველებსა და ოსებს შორის მის გარშემო ბევრი არაფერი შეუცვლია:

“მეც დედა მყავს ოსი. არაფერი შეცვლილა. 28 წელია იქ ვცხოვრობთ და სოფლებიც, გვერდზე სოფლებიც, კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. არაფერი შეცვლილა. არავინ არაფერს ეუბნება ერთმანეთს”.

“გვახსოვდეს, რომ აღარ დავუშვათ” – “ინდიგოს” პროექტის შესახებ

ჟურნალ “ინდიგოს” პროექტ “080808-ის” ფარგლებში ომგამოვლილი ადამიანების 60-მდე ისტორია შეგროვდა. მასალები, რომლებიც ახლა საგანგებოდ შექმნილ ვებსაიტზეა განთავსებული, მალე წიგნადაც გამოიცემა. ჟურნალის სარედაქციო ჯგუფის წევრის, ნინო ლომაძის თქმით, პროექტი მცდელობაა ისტორიების ჩვენებისა, რომლებიც უკვე ნაცნობი ფაქტებისა და ნარატივების მიღმა იკარგება.

“ისეთი ოპტიმისტური ხედვა აქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ტრაგედია დაატყდათ თავს… აქვთ ძალა და ენერგია, რომ მომავალი დაინახონ ნათელ ფერებში. ამას ახსერხებენ რაღაცის ხარჯზე, ეს რაღაც კი მათი გამოცდილებაა.

…ჩვენ მხოლოდ ცალკეულ ფაქტებსა და მოვლენებს ვიცნობთ. არ ვიცით ბევრი რამ, რაც ამის მიღმაა. ჩვენი მიზანი იყო, ბიოგრაფიები, ადამიანების გამოცდილება გვეჩვენებინა და მხოლოდ ეს კუთხე აგვერჩია ამ თემაზე სასაუბროდ. ვეცადეთ, აგვეცილებინა უკვე ნაცნობი ნარატივები, რომლებიც ხელს გვიშლის, ეს სურათი დავინახოთ და გამოცდილება აღვიქვათ”, – უთხრა ნინო ლომაძემ “ნეტგაზეთს”.

“ინდიგოს” ომით დაზარალებულთა პოვნაში “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი “(GCRT) ეხმარებოდა. ცენტრის აღმსარულებელი დირექტორი ლელა ცისკარიშვილი “ნეტგაზეთს” უყვება, რატომ არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, რა გამოიარეს ჩვენივე თანამოქალაქეებმა ზუსტად 10 წლის წინ:

“ჩვენ არ ვიცით, რა მოხდა იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვინც გამოიარა ომი. თუ არ მოხდება რეფლექსია, თუ არ მოვინელეთ, ასე ვთქვათ, ეს ტკივილი და არ მოვიშუშეთ ჭრილობა, ვერ მოხდება წინსვლა.  ასევე მნიშვნელოვანია ახალი თაობა: მაშინ ჩემი შვილი 4 წლის იყო, ახლა 14 წლისაა და ამ პორტალის მეშვეობით იგებს, რა ხდებოდა. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ასეთი რამ აღარ დავუშვათ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი