ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი: რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ – წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობისა და მისი პირადი პოზიცია 2008 წლის ომთან დაკავშირებით ერთია – ომი საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო რუსეთმა.

“ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი, უცვლელი. ეს არის ის პოზიცია, რომელსაც ქართველი ხალხი, მისი მთავრობა, და მისი სახელით იუსტიციის სამინისტრო იცავს სტრასბურგსა და ჰააგის სასამართლოს გამოძიების ფარგლებში. ეს პოზიცია არის შემდეგი, რომ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი. არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ რუსეთი შემოესია საქართველოს, მათ შორის, მის ტერიტორიაზე და არა მხოლოდ, საჰაერო სივრცეშიც. საქართველოს ისტორიაში ძალიან მალე პირველად გვექნება სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი,” – ამბობს თეა წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღევანდელ განცხადებაში კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ის არ აპირებს კომენტარი გააკეთოს ისეთ განცხადებაზე, რომელიც აღნიშნული პოზიციისგან მცირედად მაინც განსხვადება.

სალომე ზურაბიშვილმა 6 აგვისტოს საპრეზიდნეტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა დააყენა. მან ბრიფინგზე განმარტა, რომ  2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო. 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველო მან დღეს, 8 აგვისტოს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოფნისას, კვლავ დაადანაშაულა.


წელს 10 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვსტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან