შსს-მ გენერალ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთავში, 15 იანვარს გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული მიმდინარე  წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა. შსს-ში აცხადებენ, რომ შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა.

ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებული გენერალ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დამტკიცების შემთხვევაში ბრალი სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.