ახალი ამბები

“საელჩო რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა” – საქართველოს საელჩოში RT-ის ჟურნალისტი შეიჭრა

8 აგვისტო, 2018 • 3169
“საელჩო რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა” – საქართველოს საელჩოში RT-ის ჟურნალისტი შეიჭრა

ლონდონში, საქართველოს საელჩოში გამართული გია ბუღაძის გამოფენის ჩაშლა რუსეთის სახელისუფლებო მედიასაშუალების ჟურნალისტმა გრემ ფილიპსმა სცადა. მან დამსწრეებს “ნატოს ზომბები” უწოდა, ხოლო გამოფენას “ქართული პროპაგანდის” ნაწილი. ამის შესახებ ინფორმაციას თვითმხილველი თამარ კარელიძე ავრცელებს.

“ჩვენ ვესწრებოდით გამოფენას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი იყო მიძღვნილი. უცბად, ვიღაც შემოვარდა, მომხდარს იღებდა, შეურაცხყოფას გვაყენებდა და ყვიროდა, რომ ომში აგრესორი საქართველოა, ხოლო ჩვენ [დამსწრეები] ფაშისტები და “ნატოს” პროპაგანდის ზომბები ვართ. ჩემი აზრით, მისი მიზანი იყო, რომ ვინმე გამოეწვია, ამას კი ეს უკანასკნელი გადაეღო, გამოექვეყნებინა და დაემტკიცებინა, რომ საქართველო და ქართველები მართლაც აგრესორები არიან,” – წერს კარელიძე ფეისბუკ პოსტში.

მისივე ინფორმაციით, რუსეთის სამთავრობო მედიასაშუალებების, “რაშა თუდეის”, “ზვეზდასა” და “სპუტნიკის” ჟურნალისტს თან სამი პირი ახლდა, ინციდენტის შემდეგ კი პოლიციამ ის დააკავა.

საელჩოში თავდასხმაზე საუბრობს საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი. როგორც მან “რადიო თბილისისთვის” მიცემულ კომენტარში მან განმარტა, საელჩოში გია ბუღაძის კონცეპტუალური გამოფენა “ვიქტიმა” გაიმართა, რომელიც ომსა და მის შედეგებს ასახავდა.

როგორც ბერუჩაშვილი განმარტავს, “რაშა თუდეისა” და “სპუტნიკის” ჟურნალისტმა თავდასხმამდე სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გამოაქვეყნა სტატია, სადაც საქართველო კვლავ აგრესორად მოიხსენია.

“რეალურად, ჩვენ განვიცადეთ რუსული აგრესია, დღეს საელჩო გახდა რუსული აგრესიის მსხვერპლი იმიტომ, რომ აბსოლუტურად მოულოდნელად შემოიჭრა ადამიანი კამერით, რომელიც აგრესიულად ყვიროდა, რომ ეს არის პროპაგანდა,” – ამბობს ელჩი.

მისივე თქმით, პოლიციამ თავდამსხმელი მალევე დააკავა, ვინაიდან საელჩოს ტერიტორიაზე მსგავსი შემოჭრა კრიმინალური ქმედებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი