ახალი ამბები

მაჭახელა ბოდიშს იხდის და თანამშრომლებს ათავისუფლებს

8 აგვისტო, 2018 • 39168
მაჭახელა ბოდიშს იხდის და თანამშრომლებს ათავისუფლებს

რესტორანი “მაჭახელა” აგვისტოს ომთან დაკავშირებული ინცინდენტის გამო ბოდიშს იხდის და ამ ინცინდენტში ჩართულ თანამშრომლებთან ხელშეკრულებას წყვეტს:

“პირველ რიგში, გვინდა ბოდიში მოვუხადოთ საზოგადოებას გუშინდელი ინციდენტის გამო, სადაც ჩვენი რამდენიმე თანამშრომლის მიერ ადგილი ქონდა მცდელობას, შეეზღუდათ ერთ-ერთ ჩვენს ფილიალში სტუმრების მიერ ოკუპანტი ქვეყნის მამხილებელი პოსტერის დემონტრირება. სამწუხაროდ, საკმაოდ ძნელია ინფორმაციას ფლობდე ყველა იმ ათასობით თანამშრომლის პირადი პოლიტიკური შეხედულებებისა თუ მოსაზრებების შესახებ, რომლებიც ჩვენს ქსელში არიან დასაქმებულნი. ასევე, ძნელია პასუხი აგო ყოველი მათგანის მყისიერ და არასწორ გადაწყვეტილებებზე”, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში. 

გუშინ, 7 აგვისტოს, ფეისბუქის საშუალებით მოქალაქეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიედვითაც, ოკუპაციის წინააღმდეგ რუსეთის ყოფილ საელჩოსთან გამართული აქციის შემდეგ, რესტორან “მაჭახელაში” შესულებს, რესტორნის თანამშრომლებმა მოთხოვეს მაგიდიდან აეღოთ პოსტერი პუტინის გამოსახულებით. ამ მოთხოვნის საფუძვლად სტუმრებს განუმარტეს, რომ “მაჭახელა პროტესტის გამოხატვის ადგილი არ არის”. ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, ფეისბუკში რესტრონის მიმართ ასობით უარყოფითი კომენტარი დაიწერა, სადაც მოქალაქეები აღნიშნავდნენ, რომ ისინი ამ რესტორანში არასდროს შევლენ.

 

რუსეთის მიერ ცხვინვალის რეგიონის ოკუპირების 10 წლის თავზე ქართულ რესტორან Machakhela – Samikitnoში თავისუფლების მოედანზე ჯერ მოგვიგზავნეს მიმტანი, შემდეგ მენეჯერი, შემდეგ დაცვა, შემდეგ დაცვის უფროსები თხოვნით, რომ მაგიდიდან აგვეღო აქციიდან წამოღებული პუტინის ტრასპარანტი. მიზეზი ამის შემდეგი: მაჭახელა არ არის პროტესტის გამოხატვის ადგილი, იქნებ ვინმე რუსი “პატრიოტი” შემოვიდეს… მოუხედავად იმისა რომ ჩვენ მაგიდასთან მოვიდნენ იქ მსხდომი რუსი ტურისტები და ოდნავ დარცხვენით გვითხრეს რომ რუსეთიდან არიან და მათაც არ უყვართ პუტინი. სამწუხაროდ მართლაც ოკუპირებული გვაქვს მენტალიტეტი გაცილებით მეტი პროცენტით ვიდრე ტერიტორიები…პრობლემა ჩვენშია ძალიან დიდი.
p.s პროფესიული რჩევაც მივეცით რომ გაცილებით ძვირი დაუჯდებოდათ ეს საქციელი ვიდრე რამდენიმე “პატრიოტი” რუსი სტუმრის წყენინება

Posted by Ani Gvatua on Tuesday, August 7, 2018

 

მაჭახელა აცხადებს, რომ გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრებათ ამ შემთხვევაში და წყვეტს საქმიან ურთიერთობას ყველა იმ თანამშრომელთან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ აღნიშნულ ინციდენტში. რესტორანი ასევე წყვეტს საქმიან ურთიერთობას რესტორნის ფეისბუქ გვერდის ადმინთან, რომელმაც გავრცელებული ცნობის შემდეგ, “მაჭახელას” ფეისბუქ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა და პროტესტის ავტორებს ფსევდოპატრიოტები უწოდა. ეს განცხადება ამ დროისთვის წაშლილია.

“[მან] სრულიად არაკორექტულად და არასწორედ გამოხატა ჩვენი პიზიცია. იმედია, ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს. ასევე გვინდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია სრულიად იზიარებს საზოგადოების იმ გულისტკივილსა და აღშფოთებას, რაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციით არის გამოწვეული. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით მომხდარი ინციდენტის გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი