ახალი ამბები

ათონის მთაზე მიმავალ რუს მღვდლებს საბერძნეთის საკონსულო ვიზას არ აძლევს – RIA

8 აგვისტო, 2018 • 6201
ათონის მთაზე მიმავალ რუს მღვდლებს საბერძნეთის საკონსულო ვიზას არ აძლევს – RIA

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბოლო პერიოდში საბერძნეთის საკონსულო რუს სასულიერო პირებს ვიზაზე უარს ეუბნება და შესაბამისად, მათ საბერძნეთში ჩასვლის საშუალებას არ აძლევს.

RIA-სთან საუბრისას რუსი მღვდლები საკონსულოს უარს საბერძნეთსა და რუსეთს შორის წამოწყებულ დიპლომატიურ სკანდალს უკავშირებენ. მიმდინარე წლის ზაფხულში საბერძნეთმა ქვეყნიდან გააძევა ორი რუსი დიპლომატი და მიზეზად დაასახელა რუსეთის ჩარევა საბერძნეთის შიდა საქმეებში. კერძოდ, საქმე ეხება შეთანხმებას მაკედონიასთან, რომლის მიხედვითაც მაკედონიას სახელი შეეცვალა და დაერქვა “ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა”. ამის სანაცვლოდ მას საბერძნეთმა ევროკავშირსა და ნატოში შესვლაზე მწვანე შუქი აუნთო. როგორც საბერძნეთის ხელისუფლება აცხადებს, რუსეთი თავისი გავლენით სწორედ ამ შეთანხმების ჩაშლას ცდილობდა.

“ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვიყიდე საოჯახო ტური. მინდოდა, ბავშვებისთვის ათონი მეჩვენებინა ზღვის მხრიდანაც. რა თქმა უნდა, გვქონდა სურვილი, რომ რამდენიმე დღე გაგვეტარებინა ათონის წმინდა მთაზე. შენგენის ვიზის მისაღებად მთელი ოჯახის საბუთები ჩავაბარეთ, ბავშვებსა და დედას მისცეს, მე კი უარი მითხრეს მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი ტურის თანხა გადახდილი მაქვს”, – უთხრა RIA-ს მღვდელმა ვასილი ბიკსეიმ. რუსი სასულიერო პირის თქმით, მან საბუთები ვიზის მისაღებად, საკონსულოში თავდაპირველად ტურისტული კომპანიის საშუალებით ჩააბარა, მეორედ კი პირადად, თუმცა ორივეჯერ უარი მიიღო.

როგორც აღმოჩნდა, საბერძნეთის საკონსულომ ვიზა შეზღუდული დროით მისცა რუსეთის საპატრიარქოს ყოფილ პრესსპიკერ ვლადიმირ ვიგილიანსკის, რომელიც ირწმუნება, რომ ამას არ იმსახურებდა. ვიგილიანსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის საბერძნეთში მონაწილეობდა კონფერენციებში, ასევე საეკლესიო საქმიანობაში, წლების განმავლობაში ისვენებდა და იქ ჰყავს მეგობრები, საბერძნეთის საკონსულომ მას გრძელვადიანი ვიზა არ მისცა. თუმცა, მის ცოლს უპრობლემოდ მისცეს სამწლიანი ვიზა.

ვიგილიანსკის თქმით, ის არ არის გამონაკლისი სასულიერო პირებს შორის და უკვე არაერთ რუს მღვდელს უთხრეს ვიზაზე უარი. რუსი მღვდლები საბერძნეთის საკონსულოს გადაწყვეტილებას ორ ქვეყანას შორის არსებულ გაუარესებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს უკავშირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი