ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატები” საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს დავით უსუფაშვილს უჭერენ

7 აგვისტო, 2018 • 2758
“თავისუფალი დემოკრატები” საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს დავით უსუფაშვილს უჭერენ

“თავისუფალი დემოკრატები” საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს დავით უსუფაშვილს უჭერენ. პარტიის თავმჯდომარის შალვა შავგულიძის განცხადებით, დავით უსუფაშვილთან ერთობლივი პოლიტიკური ბრძოლისა და საქმიანობის ხანგრძლივი  პოლიტიკური ისტორია აქვთ. პარტიის თავმჯდომარის თქმით, ვისთვისაც “თავისუფალი დემოკრატების” პოზიცია მნიშვნელოვანია, მათ არჩევნებზე მხარი “შენების მოძრაობის” კანდიდატს უნდა დაუჭირონ.

“როგორც წინა მოწვევის პარლამენტის წევრს, პატივი მქონდა მეთანამშრომლა დავით უსუფაშვილთან, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ იგი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, იყო უმაღლესი კლასის სახელმწიფო მოხელე, უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. რა თქმა უნდა, ეს უნარები და გამოცდილება მას ხელს შეუწყობს საპრეზიდენტო უფლებამოსილების წარმატებით განხორციელებაში,” – აცხადებს შალვა შავგულიძე.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და “შენების მოძრაობის” დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია. არჩევნებში მონაწილეობის შესახებ უსუფაშვილმა 21 ივლისს განაცხადა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს იმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მართველი პარტია “ქართულ ოცნება”  არ აპირებს. ცნობილია გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, “ევროპული საქართველოს” კანდიდატი დავით ბაქრაძე, “გირჩის” კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი