როგორ ეხმიანებიან საქართველოს მეგობრები აგვისტოს ომის ათი წლისთავს

აგვისტოს ომის 10 წლისთავს საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს მეგობარი ქვეყნები ეხმიანებიან.

შვედეთი

10 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად განახორციელოს 2008 წლის 12 აგვისტორს 6-პუნქტიანი შეთანხმება.

გერმანია

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება რუსეთის ფედერიისა და კიდევ ოთხი  სახელმწიფოს მიერ, მიუღებელია.

გერმანია მხარს უჭერს  კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძალისხმევებს ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო მოლაპარაკებების მთავარ ქვაკუთხედად რჩება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, სრულყოფილად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები.

გერმანია გააგრძელებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მხარდაჭერასა და სეპარატისტულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვებისკენ მიმართული  ქმედებების განხორციელებას.

მივესალმებით საქართველოს მთავრობის ღონისძიებათა პაკეტს “ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ”, რომლითაც გაუმჯობესდება ადმინისტრაციულ საზღვრებს მიღმა მცხოვრები ადამიანებისათვის ცხოვრების პირობები ვაჭრობის, განათლების მიღებისა და მობილურობის  გამარტივების გზით.

დიდი ბრიტანეთი

დღეს ჩვენ სინანულით ვიხსენებთ აგვისტოს ომის 10 წლისთავს. ჩვენ ვგლოვობთ იმ ადამიანებს, ვინც ამ ომში დავკარგეთ და ათასობით იძულებულ გადაადგილებულ პირს, რომლებიც ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში. ეს არის ტრაგედია, რომელიც ჰყოფს საქართველოს. ჩვენ ღმრად შეშფოთებულები ვართ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული სიტუაციის გამო იმ ტერიტორიებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღაირებულ საზღვრებში.

ამერიკის შეერთებული შტატები

ათი წლის წინ, დღევანდელ დღეს, რუსეთი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეიჭრა. კონფლიქტმა ასობით ადამიანი იმსხვერპლა, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე აიძულა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა და დაიწყო დამანგრეველი ოკუპაცია, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი მოიცვა. ომის შედეგად დევნილები ჯერ კიდევ ვერ უბრუნდებიან საკუთარ სახლებს. ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას კი წაერთვა შესაძლებლობა, მონაწილე ყოფილიყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში მიღწეული მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრესისა.

ოკუპაცია ათი წელია გრძელდება – ათი ხანგრძლივი წელი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასა და ხალხთან, ასევე, ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან, რათა ერთად უზრუნველვყოთ მსოფლიოს უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველო,  ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!

იაპონია

იაპონია ღრმა მწუხარებას გამოხატავს აგვისტოს ომის 10 წლისთავთან  დაკავშირებით და  კვლავ ადასტურებს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მხარდაჭერას საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით, რომელიც აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობისთვის როგორც საქართველოსთვის, ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის.

ევროპის საბჭო

წელს აგვისტოს ომის 10 წლისთავია, კონფლიქტის, რომელიც კვლავ გადაუჭრელია. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელით, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში. ჩვენ ვფიქრობთ ამ კონფლიქტის მსხვერპლებზე, განსაკუთრებით მათზე, ვინც იძულებით დატოვა ტერიტორია.

დანია

დანია მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გამოხატული უპატივცემულობის გამო რუსეთის შეჭრიდან 10 წლის თავზე. რუსეთმა პატივი უნდა სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მოუწოდებს ასევე დაუშვას საერთაშორისო მონიტორები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და უკრაინა

ოთხმა ქვეყანა აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი კომუნიკე მიიღო, რომელშიც ძირითადი აქცენტი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასა და ამ პროცესის მხარდაჭერაზე კეთდება.


წელს 10 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვსტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამჟამად რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com