ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

2008 წლის ომი და დავიწყებული ადამიანები

7 აგვისტო, 2018 • 8603
2008 წლის ომი და დავიწყებული ადამიანები

ოლესია ვართანიანის ბლოგი, International Crisis Group [“კრიზისების საერთაშორისო ჯგუფი” ]


2008 წლის ომმა ადამიანებზე გადაიარა. 10 წლის შემდეგაც ძალიან ბევრი ჩვენგანი აგრძელებს დავას იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი, ვინ არის დამნაშავე ამა თუ იმ მოქმდებებში და ამავე დროს ავიწყდებათ ისინი, ვისი ცხოვრებაც აგვისტოს რამდენიმე ცხელმა დღემ შეცვალა.

რამდენიმე თვის წინ ტელეფონზე მეგობარს ველაპარაკებოდი. მისი ოჯახი თბილისში საცხოვრებლად დიდი ხნის წინ გადმოვიდა, თუმცა 2008 წლის შემდეგ სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ახლობლებთან მათი კავშირი საბოლოოდ გაწყდა. როგორც აღმოჩნდა, ამ განშორებას ყველაზე მეტად მისი ბებია განიცდიდა. ცოტა ხნის წინ ქალს მეხსიერების პრობლემები დაეწყო. ხშირად ოჯახის წევრები მას ავტობუსის გაჩერებაზე პოულობდნენ, სადაც ქალი გამვლელებს დაჟინებულად ეკითხებოდა, რომელ სამარშრუტოს გაყვეს ცხინვალამდე?

იმ ღამით, როდესაც ომი დაიწყო, მე მატარებლით ვმგზავრობდი. გორის გავლის დროს ყველა მგზავრი ვაგონის კორიდორში იდგა და ერთ წამში გათეთრებულ ცას შეჰყურებდა. ეს იყო რაკეტები, რომელიც სამხრეთ ოსეთის მიმართულებით მიფრინავდა.

უკვე რამდენიმე კვირის შემდეგ ჩემი მოსახელე ოლესია მის მშობლიურ ქალაქ ცხინვალში ებრაული კვარტლის ნანგრევებს მათვალიერებინებდა. მისი სახლი გადარჩა, თუმცა მისი მეზობლების – არა. ქვის სახლების მთელი წყება გამჭოლი ნატყვიარებით, მათ შორის სარდაფები, იქ ჩასული ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. ოლესიამ გარშემო ყველა დაღუპულის ვინაობა იცოდა, მის პატარა შვილს კი, რომელიც გამუდმებით დედას ხელზე ექაჩებოდა, ვერაფრით გაეგო, რატომ ამბობს დედა უარს სახლში შესვლაზე და რატომ ურჩევნია ქუჩაში ჯდომა.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 1990-იანი წლების ომები ფართო საერთაშორისო დისკუსიების განხილვის საგანი ვერ გახდა, როგორც ეს 2008 წელს იყო. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. თუმცა ყველაზე მთავარი, როგორც ჩანს საქართველოში რუსეთის ღია ინტერვენცია იყო, რომელსაც ადგილი მოსკოვის დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების დაწყების მკვეთრი გაუარესების ფონზე მოხდა.

ჩემი საშინაო ბიბლიოთეკის თაროებზე 2008 წლის ომის შესახებ 20-მდე წიგნია. ადგილობრივი და უცხოელი ავტორების უმრავლესობა გეოპოლიტიკას განიხილავს და სამხრეთ კავკასიასა და მეზობელ რეგიონებში რუსეთის სამომავლო ნაბიჯები გათვლას ცდილობს. თუმცა, ამ ავტორებიდან ასობით დაწერილ ფურცლებზე ძალიან ცოტა თუ უბრუნდება იმ ხალხს, რომლებიც ამ ომის უშუალო მსხვერპლი გახდა –  როგორ გაგრძელდა მათი ცხოვრება და როგორ შეიძლება მათი დახმარება პრობლემების დაძლევაში, არ აქვს მნიშვნელობა მათ ეროვნებას და იმას, თუ გამყოფი ხაზის რომელ მხარეს აღმოჩნდნენ.

ომის დასრულების შემდეგ პირველ კვირებში კონფლიქტის ზონის მცხოვრებლები მომხდარის მასშტაბებს ვერც წარმოიდგენდნენ. გორის რაონის სოფლებში მკვლელობები და ძარცვა გრძელდებოდა. დაცარიელებულ სახლებში დარჩენილი შეშინებული ძაღლები კი ქალაქებში გაქცეული პატრონების კარ-მიდამოს დაცვას უკვე არც კი ცდილობდნენ.

ისინი, ვინც ასეც ვერ დაუბრუნდა სამხრეთ ოსეთში საკუთარ სახლს, 30 ათასზე მეტნი არიან. დაახლოებით, ამდენივე გამყოფი ხაზის მეორე მხარეს დარჩა. ეს მხოლოდ ციფრები არ არის. თითოეულ ამ ადამიანს ცხოვრება დაენგრა და ბევრს დღემდე 2008 წლის დანატოვარ პრობლემებთან გამკლავება უწევს.

ამ ადამიანების სოცოცხლესთან დაკავშირებული საკითხები “ჰუმანიტარული” კატეგორიის საკითხებს მიეკუთვნება. იდეაში, ასეთ ფორმულირებას, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, ასევე, ორივე მხარის ოფიციალური წარმომადგენლებისთვის მოქმედებების მეტი არეალი უნდა მიეცა. თუმცა, პრაქტიკაში ყველაფერი სხვაგვარადაა. დევნილებთან, ჯანდაცვასთან და განათლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი მომენტალურად სტატუსის, ტერმინოლოგიის და გეოგრაფიული სახელწოდებების შესახებ პოლიტიკური კამათის ნაწილი ხდება. ჩვეულებრივი ადამიანები თავიანთი პრობლემებით, საქმიან კოსტიუმებში გამოწყობილი ოფიციალური პირების ხისტი განცხადებების მიღმა ქრებიან.

2008 წლის აგვისტოდან მალევე, როდესაც წეროვანში დევნილების დასახლება გაჩნდა, მისი ახალი მცხოვრებლები განცდებს არ მალავდნენ. მაშინ ყველაზე მეტად ერთი ასაკოვანი ქალი დამამახსოვრდა, რომელიც გამომიტყდა, რომ ყველაზე მეტად იმაზე ნერვიულობს, რომ ასეთ სივიწროვეში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებს. სამხრეთ ოსეთში, მას, ისევე როგორც ბევრ მის მეზობელს, დიდი სახლი ჰქონდა, სადაც თაობები გაიზარდნენ. ახლა კი ერთსართულიანი სახლების ორ-სამ პატარა ოთახში ელემენტარულ პირობებს სთვაზობდნენ.

რამდენიმე თვის წინ წეროვანის ქუჩებში სეირნობისას, მომეჩვენა, რომ ჩემი თანამოსაუბრის პირველი განცდებმა თავისებური გამოსავალი იპოვა. ადამიანებმა სტანდარტულ ერთსართულიან სახლებს კიდევ რამდენიმე ოთახი მიაშენეს.

შესასვლელებში მრგვალი თაღები აღმართეს, ეზოებში კი ბუჩქები დარგეს, რომელიც მათ მეპატრონეებს უხვ სიმწვანეს პირდება. ადგილობრივებმა შეძლეს ერთნაირი, გეტოს ტიპის დასახლებები, მცირე მასშტაბით, მაგრამ მაიც სამხრეთ ოსეთის ცოცხალ ქართულ სოფლად გადაქცევა. ამ ათ წელში ბევრმა შეწყვიტა დიდ პოლიტიკაში ცვლილების ლოდინი, მათ ისწავლეს, როგორ მოიწყონ საკუთარი ცხოვრება დამოუკიდებლად.    

დევნილები ცხინვალის რეგიონიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადიან © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

მასალების გადაბეჭდვის წესი