გიგა მაქარაშვილი

თბილისიდან ყარაფილამდე – სამოქალაქო აქტივისტი რუსულ ოკუპაციას ფეხით მსვლელობით აპროტესტებს

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე თბილისიდან საოკუპაციო ხაზისკენ ფეხით მსვლელობას აწყობს. ის დედაქალაქიდან გუშინ, 6 აგვისტოს, 21:00-ზე საქართველოს დროშით ხელში გავიდა, ამჟამად (7 აგვისტო, 13:00 საათი) კი დანიშნულების ადგილამდე – სოფელ ყარაფილამდე რამდენიმე კილომეტრი აშორებს.

როგორც გიგა მაქარაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, სურდა, რუსული ოკუპაცია გაეპროტესტებინა რაიმე ფორმით, რომელშიც მაქსიმალურ ენერგიას ჩადებდა, ბოლოს კი ინდივიდუალური მსვლელობა დაგეგმა. მისი თქმით, მსვლელობა ნაწილია იმ ხმამაღალი პროტესტისა, რომელიც ქვეყნის საზოგადოების მხრიდან ბოლო დროს განსაკუთრებით საგრძნობია.

“ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩრდილოეთით გვყავს საშინელი მეზობელი, ოკუპანტი, რომელიც ყოველდღიურად გვავიწროვებს მცოცავი ოკუპაციით, რომელიც საზოგადოების მცირე ნაწილს ადარდებს, აღელვებს, თუ გამოხატავს ამას. ფაქტია, რომ სახელმწიფო თავისი ყველა ინსტიტუციით არ არის მზად იმისთვის, რომ კონკრეტული პასუხები გასცეს კონკრეტულ გამოწვევებს. მათ შორის, ოკუპანტი ქვეყნის ძალისმიერ მეთოდებს, რომლებსაც ბევრი წელია, იყენებს ჩვენს წინააღმდეგ.

როგორც აღმოჩნდა, საზოგადოების რაღაც ნაწილი გაბრაზდა, თამამი გახდა ან უბრალოდ ყელში ამოუვიდა და ბოლო დროს ხშირად არის ხოლმე ასეთი ხმამაღალი საპროტესტო ტალღები.

მეც ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა რაიმე ღონისძიება, რომელშიც ჩემი ენერგიის მაქსიმუმს ჩავდებდი. ბოლოს ეს მოვიფიქრე, იმიტომ, რომ ესეც ფიზიკური ენერგიის ბოლომდე დახარჯვაა, რასაც ვაკეთებ. გუშინ, ცხრა საათიდან წამოვედი, კიდევ ერთი კარგი ადამიანი შემომიერთდა ნინოწმინდიდან და უკვე ორნი მივდივართ. ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა ერთადერთი რამ, რის შემდეგაც მშვიდად დავიძინებდი 7 აგვისტოს ღამეს, რადგან მე ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შემეძლო”, – აღნიშნა მან.

გიგა მაქარაშვილი

გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი პერიოდულად ფეისბუქის მეშვეობით პირდაპირ ეთერში ერთვება და მსვლელობისა და რუსული ოკუპაციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სოფელ ყარაფილაში ყველა იმ სამხედროს სახელისა და გვარის ხმამაღლა წაკითხვას გეგმავს, რომლებიც აგვისტოს ომმა შეიწირა.

გიგა მაქარაშვილი მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია!-ს” წევრია, რომელიც ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობას აწყობს. სწორედ აღნიშნული მოძრაობის წევრებმა ჩამოხსნეს რამდენიმე დღის წინ მოსკოვის გამზირის N1 და მის ნაცვლად არჩილ ტატუნაშვილის ქუჩის ბანერი დაამაგრეს.

მოძრაობისვე ორგანიზებით, დღეს, 7 აგვისტოს, 19:00-ზე რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან აქცია “10 წელი ომიდან” გაიმართება, სადაც საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან