ყალბი მონაცემებით მედიკამენტების ექსპორტი მცდელობა გამოვლინდა – საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო დოკუმენტაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტის ექსპორტის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მედიკამენტების რეალიზატორმა კომპანიამm2018 წლის 2 აგვისტოს, საქართველოდან უზბეკეთის რესპუბლიკაში ექსპორტის მიზნით, საბაჟოზე წარადგინა გენეტიკური დაავადებით – ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა სამკურნალოდ განკუთვნილი 335 280 აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტი „ემოკლოტის“ 1 524 ფლაკონი.

“გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ საბაჟოზე წარდგენილ ინვოისში არასწორად იყო მითითებული მედიკამენტის დოზირება (1000 ს.ე/10 მლ.-ის ნაცვლად დაფიქსირებული იყო 500 ს.ე/10 მლ). ამასთან, იმის გამო, რომ იმპორტიორ ქვეყანაში მედიკამენტი რეგისტრირებულია განსხვავებული შეფუთვით, ექსპორტიორმა კომპანიამ მედიკამენტის ოფიციალური მწარმოებლის თანხმობის გარეშე, საქართველოში კუსტარულად, სათანადო წესებისა და პირობების დარღვევით, მოახდინა ყველა ფლაკონის გადაფუთვა და ეტიკეტირება,” – წერია განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გარკვეული ოდენობის მედიკამენტის ეტიკეტზე ვარგისიანობის გაზრდილი ვადა იყო მითითებული და ნაცვლად 2019 წლის სექტემბრისა, მედიკამენტის ვარგისიანობის ვადად 2022 წელი ეწერა.

“ამ ეტაპზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები მედიკამენტების შიგთავსის და მათი ვარგისიანობის დადგენის მიზნით,” – აცხადებენ უწყებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.