ახალი ამბები

“ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატს არ დაასახელებს

6 აგვისტო, 2018 • 2766
“ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატს არ დაასახელებს

“ქართულ ოცნებას” ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება. ამის შესახებ დღეს, 6 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მთავრობის წევრთა და საპარლამენტო უმრავლესობის თანხმობით მიიღეს.

“დღეს “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს შეხვედრა შედგა საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრთა მონაწილეობით. ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, მივიღეთ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” მონაწილეობის თაობაზე. მსჯელობის საფუძველზე მიღებულ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება, რომ “ქართული ოცნება” თავის კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში არ წარადგენს,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზად პრეზიდენტის, როგორც ინტიტუტის შედარებით შემცირებული უფლებები დაასახელა.  ირაკლი კობახიძე განმარტვას, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, მნიშვნელოვანია ნეიტრალური პრეზიდენტის ყოლა, რომელიც პოლიტიკური პარტიების გავლენისგან თავისუფალი იქნება.

“ეს გადაწყვეტილება შემდეგ მოსაზრებებზე დაყრდნობით მივიღეთ: კონსიტუციის თანახმად, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც ხალხის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების ლეგიტიმაცია ხორციელდება საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე. ხალხი ირჩევს პარლამენტს, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართულებებს და აყალიბებს მთავრობას, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ამ სისტემაში პრეზიდენტს პოლიტიკური ძალაუფლება მინიჭებული არ აქვს და მას არსებითად წარმომადგენლობითი ფუნქცია ეკისრება. საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი არ განსაზრვრავს სახელმწიფო პოლიტიკას და არ ახორციელებს მას. იგი ვერ ვერ წარსდგება პოლიტიკური პროგრამით ხალხის წინაშე. საპარლამენტი რესპუბლიკაში პრეზიდენტი პოლიტიკურად ნეიტრალური, ზეპარტიული უნდა იყოს. ის უნდა იყოს უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც პარტიულ-პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ ერთვება, არამდე თვალყურს ადევნებს და პოლიტიკურად აფასებს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. პრეზიდენტის პოსტზე პარტიული კანდიდატის არჩევის შემთხვევაში, პრეზიდენტს გაუჭირდება ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და მისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციის ზედმიწევნით შესრულება. პრეზიდენტის პოსტზე “ქართული ოცნების” კანდიდატის არჩევა, მით უფრო არასასურველია იმ პირობებში როცა “ქართული ოცნება” მყარი უმრავლესობით არის წარმოდგენილი ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობების ორგანოებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვყავს არაერთი კანდიდატი, რომლებსაც პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება შეუძლიათ, “ქართული ოცნება” უარს ამბობს საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატის წარდგენაზე,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღეს, 6 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა  საკუთარი თავი პრეზიდენტობის დაოუკიდებელ კანდიდატად დაასახელა. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს ისევე, როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამჯერადაც მმართველი პოლიტიკური პარტიის “ქართული ოცნების” მხარდაჭერა ექნება, რომელიც საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წლის 28 ოქტომბერს იმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი