კიკნაველიძე საპატრიარქოზე: პრობლემაა როცა ძლიერ ორგანიზაციებს განსხვავებული აზრის ჩახშობა უნდათ

“ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი კიკნაველიძე მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებებს აფასებს. მისი თქმით, ეკლესიისგან მსგავსი რიტორიკა მოსალოდნელი იყო, თუმცა ეს არსებულ სურათს ვერ ცვლის:

“არ მგონია, რომ ვინმეს სხვა მოლოდინი ჰქონოდა საპატრიარქოსგან. მაგრამ ეს არ ცვლის რეალობას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დადგა. ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა ვის როგორ მოგვწონს ეს გადაწყვეტილება ან რას ვფიქრობთ იმაზე, იყო თუ არა ეს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმე. მაგრამ ეს გადაწყვეტილება არის მიღებული, შესაბამისად, პირველ რიგში, პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს ის და მოაწესრიგოს კანონმდებლობა. კანონმდებლობა სრულიად არაზუსტია იმასთან, რაც გვაქვს რეალობაში”, – აცხადებს კიკნაველიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

კითხვაზე, ხომ არ ცდილობს საპატრიარქო სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევას ან ხომ არ უქმნის ის საფრთხეს სეკულარიზმის პრინციპებს, კიკნაველიძე პასუხობს, რომ აზრის გამოთქმის უფლება ყველა ორგანიზაციას აქვს. თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მსგავსი მოთხოვნები სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია.

“ყველა ორგანიზაციას, მათ შორის საპატრიარქოს, აქვს სრული უფლება, საკუთარი აზრი გამოხატოს არაძალადობრივი ფორმით. მათ შორის, განცხადებებით, ქადაგებებით თუ დემონსტრაციებით. ეს არ მოდის არც საქართველოს არც სხვა ნებისმიერი დასავლური სახელმწიფოს კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში.

სეკულარულ სახელმწიფოს საფრთხე მაშინ ექმნება როცა რელიგიური ინსტიტუტების აზრს სახელმწიფო ინსტიტუტები პირდაპირ მითითებად აღიქვამენ. თავისთავად პრინციპულად არასწორია როცა გადაწყვეტილების გამო საერთოდ სასამართლოს გაუქმებას ითხოვს ვინმე. ეს არალოგიკურის გარდა დამაზიანებელიცაა ჩვენი ქვეყნისთვის”.

“ნეტგაზეთმა” ირაკლი კიკნაველიძეს ასევე ჰკითხა, იზიარებს თუ არა “გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებას, რომ პატრიარქის განცხადებები საბჭოთა კავშირში დაბრუნების მცდელობაა. “ევროპული საქართველოს” წევრი აღნიშნულს არ იზიარებს.

“ზურა ჯაფარიძეს სრული უფლება აქვს ჰქონდეს თავისი აზრი ყველა თემასთან, ადამიანთან თუ ორგანიზაციასთან დაკავშირებით. ჩემთვის მარიხუანის და ნარკოტიკების თემა ნამდვილად არაა ის წითელი ხაზი, რის შემდეგაც საბჭოთა კავშირი იწყება. ეს ლეგიტიმური დისკუსიაა დასავლეთშიც. პრობლემაა როცა ძლიერ ორგანიზაციებს განსხვავებული აზრის ჩახშობა უნდათ. ამას კი სამწუხაროდ, ეკლესიისგან ხშირად ვხედავთ. ასეთი ქცევა დამაზიანებელი აღმოჩნდება თავად ამ ინსტიტუტისთვის. ეს ჩვენი საზოგადოების გამოწვევად იქცა.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან