ახალი ამბები

სასამართლო გადაწყვეტილება ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე, 8 აგვისტოს გამოიტანს

6 აგვისტო, 2018 • 2399
სასამართლო გადაწყვეტილება ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე, 8 აგვისტოს გამოიტანს

დღეს, 6 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურა ჯაფარიძის საქმის განხილვა გაიმართა. სასამართლომ დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმინა, თუმცა, გადაწყვეტილებას 8 აგვისტოს გამოაცხადებს.

საქმე ეხება მიმდინარე წლის 12 მაისს ბასიანის მხარდამჭერ აქციაზე, ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემის დროს, პოლიციის მიერ ჯაფარიძის დაკავებას. ჯაფარიძის თქმით, არც დაკავების დროს და არც განყოფილებაში მისთვის დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ.

პოლიციის წარმომადგენელის, ირაკლი დგებუაძის თქმით, ზურა ჯაფარიძე კონკრეტულად მის მიმართ იგინებოდა და შესაბამისად, მას შეურაცხყოფა მიაყენა.

საწინააღმდეგოს ამბობებ თავად ზურა ჯაფარიძე და დაცვის მიერ წარმოდგენილი მოწმეები. როგორც მოწმეები ყვებიან, ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა “გაა*ვან,  რა. ვინ არიან მართლა, ამათი დედაც ვატირე”, თუმცა, ეს პოლიტიკური განცხადება იყო და ეხებოდა არა რომელიმე კონკრეტულს ჯგუფსა თუ პირს, არამედ სისტემას.

რაც შეეხება დაკავების ოქმს, დღეს როგორც აღმოჩნდა, პირველი დაკავების ოქმის შემდეგ, რომელიც 12 მაისს დაიწერა, ივნისში კიდევ ერთი ოქმი შედგა, ოღონდ, ამ ოქმის შესახებ თავად ზურაბ ჯაფარიძემ არ იცოდა და ხელი მას არ მოუწერია.

ჯაფარიძის ინტერესებს იცავს საია-ს იურისტი ნონა ქურდოვანიძე. ნეტგათთან საუბარში ის განმარტავს, რომ მეორედ შედეგნილი ოქმი პროცედურული დარღვევაა და ამ ტექნიკური ხარვეზის გამო, სასამართლომ საქმის განხილა უნდა შეწყვიტოს.

“თუ პოლიცია თვლის, რომ სამართალდარღვევა ჩადენილია, მას აქვს უფლება და ვალდებულება, რომ შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი. მაგრამ ამ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ ყოფილა და პოლიციამ მაინც გადაწყვიტა ასეთი ოქმის შედგენა და შეადგინა კიდეც 12 მაისს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სასამართლოში მათ წარმოადგინეს სრულიად სხვა ოქმი, ივნისის თარიღით შედეგენილი და ჩვენ როდესაც ეს აღმოვაჩინეთ, ვთქვით, რომ ეს არის სრულიად სხვა ოქმი, რომელიც ჯაფარიძეს არ უნახავს და მას ის არ გადასცემია. ახალ ოქმზე არის მინაწერი, რომ ჯაფარიძემ უარი თქვა ხელის მოწერაზე მაშინ, როდესაც ჯაფარიძეს თვალითაც არ უნახავს. შესაბამისად, ბუნებრივია, უარს ვერ იტყოდა,” – ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, დაცვის მხარეს სასამართლომ დაავალა პირველი ოქმის დედანი წარედგინა, პოლიციამ კი ახალი ოქმი მოიტანა, რომელიც, მათი თქმით, იმიტომ შეადგინეს, რომ პირველი ოქმი დაზიანდა.

“თუმცა, აქაც მნიშვნელოვანი ისაა, რომ პატაკი დაზიანების შესახებ დაიწერა მას მერე, როდესაც უკვე შედგენილი იყო ახალი ოქმი. ანუ ჯერ ოქმი დაიწერა, და შემდეგ დაზიანების პატაკი. პოლიციამ ოქმი სასამართლოში შედგენისთანავე დაუყონებლივ უნდა წარმოადგინოს, პოლიციას ეს ვადა ჰქონდა გაშვებული, ვალდებულებას ვერ ასრულებდა და ხელახალი ოქმი დასჭირდათ ამისთვის,” – ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

მისივე თქმით, ამ ტექნიკური ხარვეზის გამო, სასამართლომ საქმის განხილვა უნდა შეწყვიტოს.

ის, რომ მეორე ოქმი ჯაფარიძეს არ უნახავს, არ უარყოფს ბრალდების მხარე. როგორც ირაკლი დგებუაძემ პროცესზე განმარტა, მან საკუთარი ნომრიდან დაურეკა ჯაფარიძეს, თუმცა, მან ტელეფონი არ აიღო. რაც შეეხება მინაწერს, რომ ჯაფარიძე ახალ ოქმს, რომელიც მას არ უნახავს, ხელს არ აწერს, როგორც ირაკლი დგებუაძე განმარტავს, ჯაფარიძე 12 მაისს შედენილ ოქმს არ დაეთანხმა და ხელი არ მოეწერა, და რაკიღა ახალ ოქმს იგივე შინაარსი ჰქონდა, აქედან გაჩნდა აღნიშნული მინაწერიც.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ცნობილი 8 აგვისტოს, 12 საათზე გახდება. საქმის მოსამართლე, ნინო ჭალიძე სწორედ ის მოსამართლეა, ვინც 3 მაისის ინციდენტზე ზურაბ ჯაფაიძეს 2000 ლარით დააჯარიმა, ხოლო ვახტან მეგრელიშვილსა და იაგო ხვიჩიას 10-10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი